ახალი ამბები

ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

9 სექტემბერი, 2020 • 1010
ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, რომელიც “ტვ პირველის” თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამ დროის ის და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, რის შემდეგაც შესაბამის დაწესებულებაში გადავლენ.

გოგიჩაიშვილის თქმით, თავისი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებები გატარდება საქართველოს პარლამენტში და “ტვ პირველში”.

“ჩვენი ტელევიზიის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. შესაბამისად, უკვე მივმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ველით რეკომენდაციებს”, – წერს “ტვ პირველის” დირექტორი ვახტანგ წერეთელი.

დეპუტატისთვის Covid-19-ის დადასტურების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს.

როგორ განცხადებაში ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება. ამას გარდა, პარლამენტის ადმინისტრაცია დეპუტატის სამუშაო სივრცის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებასაც გეგმავს. ინფიცირების შემთხვევის მიუხედავად, პარლამენტში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

“პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად,” – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი