კალაძე მემანქანეებისთვის ხელფასის მატებაზე: ამ საკითხს 2019 წლიდან დავუბრუნდებით

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 6 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მეტროს მემანქანეებთან მიაღწიეს შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით, თბილისის მერია 2019 წლიდან აუცილებლად მიუბრუნდება მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობების, მათ შორის, ხელფასის ზრდის საკითხს.

კალაძემ მემანქანეებსა და ავტობუსის მძღოლებს მადლობა გადაუხადა, მან ასევე მადლობა გადაუხადა თბილისის მოსახლეობას მოთმინებისთვის.

მეტროს მემანქანეებმა დღეს დილით თქვეს, რომ გაფიცვას წყვეტდნენ, რის შედეგადაც მეტრომ მუშაობა 14 საათიდან განაახლა.

მემანქანეები აცხადებენ, რომ ისინი კახა კალაძეს სიტყვაზე ენდნენ და სწორედ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს გაფიცვა.

როგორც მემანქანეებმა გვითხრეს, დედაქალაქის მერი მათ დაჰპირდა, რომ 2019 წლის პირველი კვარტალიდან (იანვრიდან) დაიწყება ხელფასების მატება და ანაზღაურება ეტაპობრივად მოიმატებს. მეტროს თანამშრომლებმა ზუსტად არც თვითონ იციან, როდის გაიზრდება მათი ხელფასი 45%-ით. მათი თქმით, კახა კალაძემ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ ამ დანაპირებს შეასრულებს.


თბილისის მეტროს მემანქანეები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ ხელფსების მატებას, მათ გაფიცვაც დააანონსეს, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, თბილისის მეტრო 3 ივნისს გაიფიცა, რამაც ქალაქში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა გადაადგილების თვალსაზრისით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.