ახალი ამბები

მეტროს მემანქანეები ხელფასის მატებასთან დაკავშირებით კალაძეს სიტყვაზე ენდნენ

6 ივნისი, 2018 • 3830
მეტროს მემანქანეები ხელფასის მატებასთან დაკავშირებით კალაძეს სიტყვაზე ენდნენ

მემანქანეებმა პროტესტი შეწყვიტეს და თბილისის მეტრო 14:00 საათიდან ამუშავდა, თუმცა მათი ხელფასი კვლავაც არ გაზრდილა.

ნეტგაზეთი ორ მეტროს მემანქანეს ესაუბრა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაფორმებულა თბილისის მერიასთან ან სატრანსპორტო კომპანიასთან. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ კახა კალაძეს სიტყვაზე ენდნენ.

როგორც მემანქანეებმა გვითხრეს, დედაქალაქის მერი მათ დაჰპირდა, რომ 2019 წლის პირველი კვარტალიდან (იანვრიდან) დაიწყება ხელფასების მატება და ანაზღაურება ეტაპობრივად მოიმატებს. მეტროს თანამშრომლებმა ზუსტად არც თვითონ იციან, როდის გაიზრდება მათი ხელფასი 45%-ით. მათი თქმით, კახა კალაძემ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ ამ დანაპირებს შეასრულებს.

კალაძე მემანქანეებისთვის ხელფასის მატებაზე: ამ საკითხს 2019 წლიდან დავუბრუნდებით

თბილისის მეტროპოლიტინების თანამშრომლებმა, რომლებიც მეტროში მოქმედ ალტერნატიულ პროფკავშირ “ერთობა2013”-ში ერთიანდებიან, გაფიცვა და შიმშილობა 3 ივნისს, 15:00-ზე დაიწყეს. ისინი 4 ივნისს სამსახურში გამოცხადნენ, თუმცა გადაღლისა და შიმშილის ფონზე, ჯანმრთელობის სტანდარტულ შემოწმებაზე დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ აჩვენეს, რის გამოც თბილისის მეტრო გაჩერდა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ანაზღაურების 45%-ით გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასები არ გაზრდილა.

თბილისის მეტროს მემანქანეებსა და “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” შორის რამდენიმეთვიანი შრომითი დავის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვა ორჯერ გადაუვადა: თავდაპირველად, 3 მაისს, 30 დღით, შემდგომ კი განუსაზღვრელი დროით. განჩინებაში ეწერა, რომ მათ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში ჰქონდათ. “ერთობა2013”-ის წევრებმა გადაწყვეტილება აბსურდულად მიიჩნიეს, თუმცა ტექნიკურად შეასრულეს ის და გაფიცვა არასამუშაო საათებში დაიწყეს.

გაფიცვას პირველივე დღეს თბილისის მერი კახა კალაძე სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მემანქანეების ხელფასები 1 400- 800 ლარს აღწევს. ზოგ შემთხვევაში კი 2 000 ლარს აჭარბებს. მერმა ასევე აღნიშნა, რომ “ერთობა 2013”-ს ხელაფსების მომატება მგზავრობის ტარიფების ზრდის ხარჯზე სურდათ. მემანქანეებმა კალაძე სიცრუეში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ანაზღაურების ზრდა მგზავრობის გაძვირების ხარჯზე არ მოუთხოვიათ. მათ “ნეტგაზეთს” საბანკო ამონაწერების აჩვენეს, სადაც ჩანს რომ მათი ყოველთვიური ხელფასი კალაძის ვერსიისგან განსხვავდება და 1 100 – 1 200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი