ხორავას ქუჩის მკვლელობაზე საპარლამენტო კომისიას უმცირესობა უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობსი საქმე უნდა შეისწავლოს, საპარლამენტო უმცირესობა უხელმძღვანელებს.

კობახიძის თქმით, კომისიაში ევროპულ საქართველოს 9 წევრი ეყოლება და კომისიის თავმჯდომარეც მათივე დეპუტატი იქნება:

“გვქონდა შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პრინციპებთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმცირესობა იქნება კომისიაში წარმოდგენილი უმრავლესობით – 9 წევრი ეყოლება უმცირესობას და ეს მოხდება კვოტების გადანაწილების ხარჯზე. შესაბამისად, უმცირესობის წარმომადგენელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე” – თქვა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საგამოძიებო კომისიაში ასევე წარმოდგენილი იქნება პატრიოტთა ალიანსი და საპარლამენტო უმრავლესობა “ქართული ოცნების” სახით. კობახიძის თქმით, დანარჩენი 8 წევრი სწორედ ამ ორი პარტიით დაკომპლექტდება, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” ამ პროცესს გაემიჯნა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი დეპუატებისგან დაკომპლექტდება დროებითი საგამოძიებო კომისია.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას 31 მაისს დაუჭირა მხარი. კომისიის შექმნას ემხრობა 84 დეპუტატი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.