ქართველი ემიგრანტები ორმაგ მოქალაქეობას უპირობოდ არ მიიღებენ – მოთხოვნები მოკლედ

საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, იმისთვის, რომ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა მიიღონ, რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილონ.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც უკვე პარლამენტშია დარეგისტრირებული, ქართველი ემიგრანტები სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავენ, თუ ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას მიიღებენ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა იმ პირობით გაიცემა, თუ სარწმუნო იქნება საქართველოს მოქალაქის “სამომავლო კავშირი” საქართველოსთან.

კანონპროექტის მიხედვით, კიდევ უნდა არსებობდეს რამდენიმე პირობა:

  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობასაც იღებს;
  • საქართველოს მოქალაქე, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრობს ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც აპირებს.

რაც შეეხება ემიგრანტების არასრულწლოვან შვილებს, რომლებმაც დაბადებით მოიპოვეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მათ საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდებათ დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მათმა მშობლებმა ან მეურვემ უნდა მიმართონ საქართველოს, რათა მათ შვილებს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეთ.

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ერთი მშობლის მიმართვის საფუძველზე არაა საკმარისი, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობაც.

კანონპროექტში არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი, რაც გულისხმობს იმას, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა შეიძლება ვერ მიიღოს ორმაგი მოქალაქეობა, თუ იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს არ შეესაბამება.

რა უნდა ქნან მათ, ვისაც უკვე დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო? კანონპროექტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მათ, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო უკვე დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, შეუძლიათ განაცხადონ ორმაგი მოქალაქეობის მიღებაზე.

ამ პირებმა უნდა იცოდნენ ქართული ენა, არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ან საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა ჰქოდნეთ ჩადენილი მძიმე დანაშაული, არ უნდა თანამშრომლობდნენ სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

თუ თქვენ გყავთ არასრულწლოვანი შვილი, მაშინ მასაც ავტომატურად მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 14 წელს მიღწეულ შვილს დასჭირდება თანხმობის დაფიქსირება.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, რაც კანონპროექტში არის ასახული, მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის უნდა მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ან საკონსულოს.

სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე ჩამოყალიბდება კომისია, რომელიც განიხილავს მოქალაქეობის მიღებასთნ დაკავშირებულ საკითხებს. კომისიას ეყოლება 6 წევრი, რომლებსაც სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ნიშნავს.

კომისიის თავმჯდომარე და კიდევ ერთი წევრი სააგენტოს თამნამშრომლებიდან დაინიშნება, 2 წევრს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიშნავს, ხოლო დანარჩენი ორი წევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდება.

კომისიას ექნება უფლება, რომ მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნებისას შეამოწმოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ზოგადი საფუძვლების ცოდნა. კომისიას უფლება ექნება, რომ დაადგინოს დამატებითი პირობები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.

კომისიის მუშაობის საფუძველზე სააგენტოს ადგენს დასკვნას მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის პრეზიდენტს.  პრეზიდენტს რჩება უფლება, რომ დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს კომისიის წარდგენა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს განცხადებას არ დააკმაყოფილებენ, თქვენ გაქვთ უფლება, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროთ. ამ შემთხვევაში თქვენი მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნება.

კანონპროექტის მიღების მიზანი, როგორც ავტორები განმარტავენ, არის მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის ჰარმონიზება საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის 32–ე მუხლის ახალი რედაქციის მიხედვით, კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას აღარ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com