ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ოცნება მარადონაზე

29 მაისი, 2018 • 5629
ოცნება მარადონაზე

სოხუმელებს თავისი მარადონა ჰყავდათ. ის არც ფეხბურთს თამაშობდა, არც ნარკოტიკების მოხმარების გამო ეხვეოდა სკანდალში და არც ფიდელ კასტროსთან ძმაკაცობდა. ნაკლებ პოპულარული იყო, ვიდრე მისი სეხნია არგენტინელი ვარსკვლავი და მხოლოდ სოხუმის ურბანული ფოლკლორის ნაწილი გახდა.

ჩემს მეხსიერებაში ის 40 წლამდე ჩაფსკვნილი, შორტებიანი და თმაგაბურძგნული კაცი იყო. მთელი ცხოვრება ზუსტად ასე მყავდა წარმოდგენილი. მისი სიკვდილის ცნობა სოციალური ქსელებით გავიგე. გული დამწყდა „ახალგაზრდა ადამიანის“ გარდაცვალების გამო. შემდგომ ნანახმა კადრებმა კიდევ  უფრო დამაბნია. 25 წელიწადი, რომელიც ბოლო ნახვის მერე გავიდა, მარადონას გარეგნობას დასტყობოდა. წვერი გათეთრებული ჰქონდა, ჩაფსკვნილსაც ვეღარ იტყოდი მასზე. მეხსიერებას მხოლოდ შორტებიღა შემორჩა, როგორც უცვლელი ატრიბუტი.

და მაშინ პირველად დავფიქრდი, თუ რა ენატრებათ აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებს? საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი თუ სხვა რამ? ამ შეკითხვებს შორიდან მოვუაროთ და ამბის მოყოლა იმ დროიდან დავიწყოთ, როდესაც სოხუმელი მარადონა დაბადებული არ იყო.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) საზოგადოებრივ არქივში არის რამდენიმე ფოტო, რომელიც სოხუმის 1920-იანი წლების ყოფას ასახავს. ქალები ატარებდნენ მოკლე ქვედაბოლოებს, ბერეტები გვერდზე ჰქონდათ გადახრილი და ფეხზე მოდური ქუსლებიანი ფეხსაცმელები ეცვათ. ისინი უფრო ამერიკელ გოგოებს ჰგავდნენ, რომლებიც პოლიციის რეიდების შიშით ერთ კლუბიდან მეორეში გადადიოდნენ ხოლმე ჩარლსტონის საცეკვაოდ, ვიდრე მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს მოქალაქეებს.

ამგვარად გამოპრანჭულები ზღვის სანაპიროზე ფოტოებს იღებდნენ, რომელსაც უკანა მხარეს ეწერა, Сухуми და გადაღების წელი. რომ არა ეს წარწერა ძალიან გაუჭირდებოდა ადამიანს გაერჩია, ეს ფოტოები აფხაზეთშია გადაღებული თუ ამერიკის რომელიმე შტატში.

1925 წლისათვის სოხუმში ქალების შლაპებისა და ქუდების ორი სახელოსნო არსებობდა. ერთი- მესამე ინტერნაციონალის ქუჩაზე და მას ა. პატარია განაგებდა, ხოლო მეორე- ოქტომბრის რევოლუციის ქუჩაზე, რომელსაც ხლებნიკოვა უძღვებოდა.

ზღვის სანაპიროზე იყო სასტუმრო სან-რემოც, რომელიც რეკლამიდან იმით იწონებდა თავს, რომ სასტუმროს ოთახების 50 პროცენტს ზღვის ხედი ჰქონდა. იმ დროისთვის სარეკლამო ბიუროს უკვე მონოპოლია ჰქონდა რეკლამის განთავსებაზე და მომხმარებელს ყველა ტიპის სერვისს სთავაზობდა- აფიშებისა და პლაკატების განთავსებას, ტროტუარულ წარწერებს და საჰაერო რეკლამასაც. რეკლამის გეგმისა და ტექსტის შექმნისათვის კაპიკ ფულს არ იღებდნენ, ეს სერვისი უფასო იყო.

ფოტო 910. ფოტო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან. დონარა კანდელაკის კოლექცია.

ფოტო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან. დონარა კანდელაკის კოლექცია.

ფოტო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან. დონარა კანდელაკის კოლექცია. სოხუმი 15/02/1930

ფოტო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან. დონარა კანდელაკის კოლექცია. სოხუმი, აფხაზეთი, 1928 წელი

ფოტო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან. დონარა კანდელაკის კოლექცია.

ფოტო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან. დონარა კანდელაკის კოლექცია.

მაშინ ქალაქში მოსახლეთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო და 1926 წლისთვის 21 568 ადამიანს შეადგენდა. 5 104 ეთნიკური რუსი იყო, 5 036- ქართველი, 2 298- ბერძენი, 2023- სომეხი, 658- ებრაელი და 560 აფხაზი. ამ ეთნიკური კომპოზიციის სასაუბრო ენა რომ რუსული ყოფილიყო, გასაკვირი სრულებითაც არაა. ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა სოხუმის მალარიის სადგურთან არსებული მუზეუმი გახლდათ, რომელიც ფართო მასებს აცნობდა მალარიის დაავადების არსსა და მისი გავრცელების საშიშროებებს. აქვე იყო წარმოდგენილი კოღო ანოფელესის მულიაჟი.

ამ დროს აფხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოთს თავმჯდომარე ნესტორ ლაკობა იყო. ის ხშირად მასპინძლობდა ახალი საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერებს და ამით საკუთარ პოზიციებს იმყარებდა პერიფერულ რესპუბლიკაში.

ეს ერთობ ეგზოტიკური სურათი ადამიანთა მესიერებაში თითქმის არ არსებობს. 1920-იანი წლების აფხაზეთის ამბები ბევრს არ ენატრება. პრაქტიკულად აღარ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ დროის აფხაზეთი ახსოვს. დრომ ისტორიის ეს ნაწილი მეხსიერებიდან წაშალა.

თუმცა სხვა ამბავია მალარიასთან ბრძოლაში გამარჯვებული და ინდუსტრიული განვითარებით თავმომწონე საბჭოთა პერიფერიული ავტონომიური რესპუბლიკა. სადაც მეორე მსოფლიო ომის მერე მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია დაიწყო. ეს ეთნკურ აფხაზებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. მოსახლეობის მიგრაციამ, დამატებითმა მუშახელმა, აფხაზეთის ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ ხელი შეუწყო რესპუბლიკას, ასეული ათასი ადამიანისათვის ემასპინძლა. ქალაქ სოხუმის მოსახლეობა რამდენჯერმე გაიზარდა. 1989 წლის მონაცემებით 119,150 ადამიანი შეადგინა; ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი ქართველები იყვნენ, 49,460 (41,5%), 14, 922 (12,5%) აფხაზები, 12 242 (10,3%) სომხები, 7, 355 (6,2%) ბერძნები 25, 739 (21, 6%) რუსები და 4,001 (3,4% ) უკრაინელები. ერთაშორის სასაუბრო ენა კი კვლავაც რუსული იყო

მრავალეთნიკურობა და ურბანულ სივრცეში არსებული ურთიერთობები გახდა 70-იანი და 80-იანი წლების თაობის იდენტობის ერთ-ერთი საშუალება. მწერალი გურამ ოდიშარია რომანში „პრეზიდენტის კატა“ ზუსტად მსგავსი იდენტობის ადამიანს აღწერს. მიხეილ ბღაჟბა, იგივე „მიხალთემუროვიჩი“, ტიპური საბჭოთა ბიუროკრატია. ცოტა მეცნიერი და ცოტა სახელმწიფო მოხელე. დღევანდელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით არ დარდობდა არჩევნებზე და არც ამომრჩევლებზე.

მედია მასზე არ ნადირობდა და „მიხალთემუროვიჩსაც“ შეეძლო იაპონელი მილიარდერ ტაიდაი კასიოსთვის უშგულის ჩაი შეეთავაზებინა. მერე რა, რომ მსგავსი ჩაის სახეობა არ არსებობდა. გარდა ამისა, ის სრულებითაც არ იყო სოხუმში დაბადებული, მაგრამ თავს სოხუმელად მიიჩნევდა. ეს ის თაობაა, რომელიც ურბანული იდენტობის და ცხოვრების ნაწილად აქცია საჯარო სივრცეები- „ბრიხალოვკა“ და „ამრა“.

ეს მეხსიერების ზუსტად ის ნაწილია, რომელიც აფხაზეთიდან წამოსულ თაობაში ცოცხლობს და შემდგომ თაობებსაც გადაეცემა. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არასდროს ყოფილან ამ სივრცეებში და არც არასდროს დაულევიათ იქაური ყავა, „ბრიხალოვკა“, „ამრა“ და „პინგვინი“ ოჯახში არსებული კოლექტიური მეხსიერებაა. საომარი მოქმედებებიდან ოცზე მეტი წლის მერე სოხუმში ჩასული თითო-ოროლა ქართველი ახალგაზდა აუცილებლად ამ ადგილების ფოტოებს იღებს და საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით აზიარებს.

ადამიანებს არ ენატრებათ საბჭოთა ბიუროკრატიაში არსებული მექრთამეობა. არც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო „კონტაქტები“. აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არაა მათი ოცნების ობიექტი. მათი ნოსტალგიის საგანი ის ყოველდღიურობაა, რომელიც მათ ჰქონდათ, რომელიც შემდგომ მათი იდენტობის ნაწილი გახდა.

პოლიტიკურმა ელიტებმა საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მომავლის პერსპექტივა ვერ შეუქმნეს. ვერ შესთავაზეს პოლიტიკური პროექტი, რომელიც მათ უბიძგებდა, მომავალზე ეფიქრათ. ისინი წარსული მეხსიერების ამარა დატოვეს. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ადამიანები ოცნებობენ მარადონაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი