ახალი ამბები

“დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას” – კვირიკაშვილის მილოცვა

26 მაისი, 2018 • 2206
“დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას” – კვირიკაშვილის მილოცვა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების მიერ ფიცის დადების შემდეგ, მოქალაქეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პირველი რესპუბლიკისა და მისი იდეალების მნიშვნელობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობებზე გაამახვლა ყურადღება.

პრემიერის მიმართვის ძირითად გზავნილებს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერი  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს.  ამ დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად, ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამმავლები. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში. ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამემამულეს.

განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევამდელებს. საპატიო და ამაღელვებელია ეს დღე მათთვის, ვინც საქართველოს სვადახვა კუთხეში, სამშობლოს ერთგულებისათვის ფიცი დადო, საქართველოს ჯარისკაცი გახდა. მჯერა, რომ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი, ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსებულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც სიცოცხლე შესწირა და სისხლიდა ღვარა საქართველოსთვის. ყველანი ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. სამშობლო არასოდესდაივიწყებს მათ უკვდავ სახელებს.

ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი. ეს დღე იყო ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიის და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი. დღეს არ შეიძლება, არ გავიხსენოთ, XIX საუკუნის 90-იანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არაგამორჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულიკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

…100 წლის წინ საქართველოს სახელმწიფოს მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. ეს იყო მრავალეთნიკური სახელმწიფოს კონსტიტუცია, რომელიც მოიცავდა უნივერსალურ საარჩევნო ხმის უფლებას უმცირესობათა უფლებებს და რელიგიის თავისუფლებას. საქართველო იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. სწორედ იმ დროიდან იწყება საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია.

ჩვენ 100 წლის  წინ შევქმენით საქართველოს დემოკრაიტული რესპუბლიკა, თუმცა სულ რაღაც 3 წელიწადში წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება 70 წლით გადაიდო. მაგრამ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, ჩვენუ დიდი ერისკაცების სულისკვეთებას უქმად არ ჩაუვლია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასდროს გვიღალატია თავისუფლების იდეისათვის, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადიოდა და 27 წლის წინ წინ კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

…პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია. და ის, რომ საქართველო დღეს ასე მყარად დგას ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ იქიდან იღებს სათავეს. დღეს საქართველო მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძლაში. სამშვიდობო მისიების მონაწილე ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლსი ფასად საქართველო საიმედო და ერთგული პატრიოტის სახელით განამტკიცეს მთელ მსოფლიოში. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე. მადლობა გადავუხადო ერთგული სამსახურისთვის და სამშოლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო.

დღეს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის გვერდში დგომას. მინდა, მალდობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცენდენტო მასშტაბს იღებს. დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერად არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ იმ დიდი მზინის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია.

ჩვენ ყველა ერთად, მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით, მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში. დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას. ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო. მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს დღეს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება, როგორც ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი