ახალი ამბები

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეს დანის დემონსტრირებით ფულს სთხოვდა

23 მაისი, 2018 • 2075
შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეს დანის დემონსტრირებით ფულს სთხოვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეს, “მშვიდობის კორპუსის” მოხალისეს, დანის დემონსტრირებით ფულს სთხოვდა.

უწყების ცნობით, ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობსსაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ბრალდებულმა დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა ქვეითად მიმავალ აშშ-ის მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს – ა.ო-ს.

უწყებაში ამბობენ, რომ აშშ-ის მოქალაქემ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ის მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია. 22 მაისს კი ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებული დღეს, 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი