ახალი ამბები

ძიუდოისტების აქცია ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ხვალ განახლდება

22 მაისი, 2018 • 1566
ძიუდოისტების აქცია ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ხვალ განახლდება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან შეკრებილი ძიუდოისტები, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდნენ, დაიშალნენ. ისინი ამბობენ, რომ ხვალ, 11:00-ზე, შენობასთან კვლავ შეიკრიბებიან.

“შევიკრიბებით სპორტსმენები, ასევე გულშემატკივრები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ მხარი დაუჭირონ ქართულ ძიუდოს” – განუცხადა ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა ძიუდოისტმა, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მანამდე ძიუდოისტებმა ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს, მისი კუთვნილი სავარძელი კი გარეთ გამოიტანეს.

როგორც ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტმა, გიორგი გველესიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ძიუდოისტები იძულებულნი გახდნენ, აღნიშნული ზომებისათვის მიემართათ, რადგან ახლად შექმნილმა კომისიაm მათი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

“იქიდან გამომდინარე, რომ სპეციალურმა კომისიამ ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, მივმართეთ უკიდურეს ზომებს და შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავით ქევხიშვილმა ვეღარ მიაღწიოს თავის კუთვნილ სკამს. როგორც ის ამბობს, ეს მისი ფედერაციაა, თუმცა ეს ასე არ არის: ფედერაცია ეკუთვნით სპორტსმენებს. გვინდა დავამტკიცოთ, რომ მართლები ვართ და ამ სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე.

…ჩვენ არ ვეხებით იმას, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის. არ გვაინტერესებს, რა დარღვევები აქვს უშუალოდ მას. ჩვენ, როგორც სპორტსმენებს, გვაქვს არაერთი პრობლემა”, – აღნიშნა გიორგი გველესიანმა.

ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე დაპირისპირების აღმოსაფხვრელად 2 კვირის წინ ერთობლივი კომისია შეიქმნა. მასში კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ოლიმპიური კომიტეტი შედიან და  ფედრაციაში არსებულ პრობლემებთან ერთად ქევხიშვილის მიმართ ძიუდოისტების მიერ წაყენებულ ბრალდებებს სწავლობენ.

დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნა ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მარტს გაახმიანეს და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს. სპორტსმენები ამბობდენ, რომ ნაცვლად იმისა, ივარჯიშონ მშვიდ გარემოში, მუდიმივად სტრესის ქვეშ უწევთ ყოფნა. მათი თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება დავით ქევხიშვილის ერთპიროვნულ მმართველობასა და ფედერაციაში დაგროვილ პრობლემებს.

მანამდე, ევროპის ჩემპიონატის უმედლოდ დასრულების შემდეგ, იგივე მოითხოვა ვეტერანმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმაც. კითხვაზე, ხომ არ არის პროცესები ზვიადაურისგან მართული, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი აღნიშნავდა, რომ ასე არ არის, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ზვიადაურს თანამდებობის დაკავების ინტერესი არ აქვს და თუ ეს ასე მოხდება, თავად წავა ნაკრებიდან.

საპასუხოდ, ქევხიშვილი “რუსთავი2”-თან საუბრისას აცხადებდა, რომ „უსაფუძვლო ბრალდებების გამო რაღაც ნაბიჯებს უკან ვერ გადადგამს“. ფედერაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მისი მოწინააღმდეგებისგან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი