ახალი ამბები

2017 წელს უმუშევრობა 0,1 პროცენტით შემცირდა – საქსტატის განახლებული მეთოდოლოგია

21 მაისი, 2018 • 2603
2017 წელს უმუშევრობა 0,1 პროცენტით შემცირდა – საქსტატის განახლებული მეთოდოლოგია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის დონის 2017 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით,  2017-ში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 13,9 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 0,1 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატი აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევა განახლებული მეთოდოლოგიით ჩაატარა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით, 2016 წლამდე ეფუძნებოდა 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერას, რაც ცდომილებას ზრდიდა. 2017 წლის სტატისტიკა კი 2016 წლის ნოემბერში ჩატარებულ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას დაეფუძნა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე წინა წლების მონაცემებიც გადაიანგარიშეს. კერძოდ, გადაანგარიშება შეეხო 2001 წლიდან არსებულ მონაცემებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გადაანგარიშება წინა წლების მონაცემების განახლებულ მონაცემებთან შედარების საშუალებას იძლევა.

მაგალითისთვის, გადაანგარიშებამდე, 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8 პროცენტს შეადგენდა, გადაანგარიშების შემდეგ კი 2016 წლის უმუშევრობის მონაცემმა 14,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის განმარტებით, 2017 წლის კვლევა განახლებული მეთოდოლოგიითა ჩატარებული და 2016 წლის გადაანგარიშებამდე არსებულ მონაცემთან შედარების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ხელახლა გამოთვლილზე უმნიშვნელოდ, 0,1 პროცენტითაა შემცირებული.

საქსტატის განცხადებით, ანგარიშმა ასევე გამოკვეთა, რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე 2016 წელთან შედარებით 1,5 პროცენტითაა შემცირებული, სოფლებში კი ეს მაჩვენებელი 0,8 პროცენტითაა გაზრდილი.

როგორც საქსტატში აცხადებენ, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ. მათი წილი 2017 წელს 51,7 პროცენტს შეადგიენდა, რაც წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება უმუშევრობის დონის რეგიონულ განაწილებას, წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთშია გაზრდილი. კვლევის მიხედვით, თბილისში უმუშევრობის დონე 1,2 პროცენტით გაიზარდა, იმერეთში – 1,6-ით, ხოლო შიდა ქართლში- 2,5-ით. ყველაზე მეტად უმუშევრობა ქვემო ქართლშია გაზრდილი, 3,5 პროცენტული პუნქტით.

ყველაზე მეტად უმუშევრობის დონე აჭარასა და სვანეთში შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს უმუშევრობის დონე აჭარაში 5,8 პროცენტით, სვანეთში კი 3,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

რაც შეეხება გენდერულ განაწილებას, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2,3 პროცენტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. 2017 წელს, 2016-თან შედარებით, ქალების დასაქმების დონე 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, კაცებში კი 1,1-ით შემცირდა.

საქსტატი აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევა განახლებული მეთოდოლოგიით ჩაატარა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით, 2016 წლამდე 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ეფუძნებოდა, რაც ცდომილებას ზრდიდა. 2017 წლის სტატისტიკა კი 2016 წლის ნოემბერში ჩატარებულ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას დაეფუძნა. გარდა ამისა, საქსტატის განცხადებით, შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევას გამოეყო სამუშო ძალის მოდული და ამ საკითხს საქსტატი ცალკე შეისწავლის.  გამოკვლევის კითხვარს დაემატა ახალი მაჩვენებლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი