ახალი ამბები

ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივის

21 მაისი, 2018 • 2617
ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე საბჭოს წევრს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივის. ანა დოლიძის უფლებებს სასამართლოში საია იცავს.

იუსტიციის საბჭოს წევრის, ანა დოლიძის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელით მოთხოვნილია დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ ანა დოლიძესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2018 წლის 16 თებერვალს გაკეთებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

“ტყუილს აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი, არ შეიძლება, რომ ადამიანს დააბრალო ტყუილი იმისათვის, რომ დააზიანო მისი საქმიანი რეპუტაცია და ამისთვის არ გადაიხადო ფასი, არ გქონდეს არავთარი პასუხისმგებლობა. მინდა, რომ შემოვიღოთ ეს პრეცედენტი, მოსამართლე გვრიტიშვილმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, მოიტყუა თებერვალში იმისთვის, რომ უბრალოდ, გადაეფარა ჩემ მიერ  სასამართლოს კრიტიკა,”- განაცხადა ანა დოლიძემ მას შემდეგ, რაც დიმიტრი გვრიტიშვილმა 2018 წლის თებერვალში განაცხადა, რომ 2008 წელს ანა დოლიძე იმყოფებოდა მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთში იმისთვის, რომ ქართველი სამხედროების დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა.

“[მოსკოვში] იმყოფებოდა იმ  მიზნით, რომ 2008 წელს ჩვენს ქვეყანას ეს საშინელი აგრესია დაატყდა თავს, ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალბატონი ანა დაიქირავა იმისთვის, რომ მას მაქსიმალურად შეეკრიბა მონაცემები, თითქოსდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქართველი მეომრების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ და შემდგომში ეს მონაცემები დადებოდა საფუძვლად საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ჰააგაში, ასევე, ევროპულ სასამართლოში” – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა  ტელეკომპანია “პირველის”ეთერში.

იმავე ეთერის საშუალებით ანა დოლიძემ მას უთხრა, რომ ეს სიცრუეა და სასამართლოში მოუწევდა ამ ყველაფრის უარყოფა.

“საია მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ანა დოლიძის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტთან და რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით წარმოადგენს სიცრუეს და მიზნად ისახავს ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას,”- აცხადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი