წულუკიანი: “მტკიცებულებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთი ბევრად ადრე ემზადებოდა ომისთვის“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას- “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)”. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს პრესსამსახური მინისტრ თეა წულუკიანის კომენტარს ავრცელებს, სადაც წერია:

“რუსეთი ნამდვილად ამბობს − რა შუაშია სტრასბურგის სასამართლო, აგვისტოს ომი ადამიანის უფლებების თემა არ არის, არის უფრო ჰუმანიტარული სამართლის სფერო, რასაც ჩვენ მყარი არგუმენტებით ვუპირისპირდებით. ვამბობთ, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთი ახორციელებდა ჩვენი ქვეყნის ამ ტერიტორიაზე − ცხინვალის რეგიონში, ისეთ მოქმედებებს, რომლებიც  ბევრად სცილდებოდა საომარი მოქმედებების საჭიროებებს. ჩვენ ძალიან მყარი, ახლა უკვე ახალ-ახალი, დამატებითი მტკიცებულებებით ვცდილობთ, ვაჩვენოთ ევროპულ სასამართლოს, რომ რუსეთი ბევრად ადრე ემზადებოდა ამ  საომარი მოქმედებებისთვის; რომ ის წვრთნიდა ადგილობრივ პერსონალს, მათ შორის, სამხედროს, ოსების სხვადასხვა ოფიციალურ დე ფაქტო დანაყოფებში და ემზადებოდა ამ სამხედრო დაპირისპირებისთვის.  ასევე, ჩვენ მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტებით ვაჩვენებთ სასამართლოს, რომ რეალურად 10 აგვისტოს, გამთენიისას, საქართველოს მხარემ ყველანაირი  ცეცხლი შეწყვიტა; უფრო მეტიც,  ის გამოვიდა საომარი მოქმედებების არეალიდან და 11 აგვისტოს ჩვენი შენაერთები უკვე თბილისის მისადგომებს იცავდნენ, რაც გამორიცხავს რუსეთის უსაფუძვლო  მტკიცებას იმის  თაობაზე, რომ თითქოს ჯერ კიდევ  12 აგვისტოს ჩვენ რუსეთს ვპასუხობდით საომარი მოქმედებებით”.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.