მთავრობის კანცელარიასთან ანტიჰომოფობიური აქცია დასრულდა

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ჰომობოფიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია დასრულდა.

მას შემდეგ, რაც აქციის დასრულების შესახებ ინფორმაცია გაიგეს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მმკ-ს წარმომადგენლებმა, მათ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. ისინი აცხადებენ, რომ სანამ არ გამოუშვებენ პოლიციაში გადაყვანილ მათი აქციების მონაწილეებს, პარლამენტის ტერიტორიას არ დატოვებენ. პოლიციაში გამოკითხვაზე ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, გია კორკოტაშვილი და გიორგი გაბედავა.

 

სანდრო ბრეგაძის ულტიმატუმი ხელისუფლებას

Posted by netgazeti.ge on Thursday, May 17, 2018

მთავრობის კანცელარიის ტერიტორია 2 საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ პოლიციელებს, მიუხედავად ამისა ანტიჰომოფობიურ აქციაზე ერთმა პირმა შესლა მოახერხა და სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა. თავდამსხმელი ძალადობის მუხლით უკვე დაკავებულია.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა 2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. სხვა წლების მსგავსად, თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაციონალისტებმა 2018 წლის 17 მაისსაც დაიკავეს. დილიდან იმართება მათი აქცია–მსვლელობები. მათ მხრიდან ისმის დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი განცხადებები.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა. მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. სწორედ ეს აქცია მიმდინარეობს ამჟამად კანცელარიასთან.

ამის გარდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სამინისტროსთან აქციებით აღნიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com