ახალი ამბები

17 მაისს თბილისში რამდენიმე ანტიჰომოფობიური აქცია გაიმართა

17 მაისი, 2018 • 3868
17 მაისს თბილისში რამდენიმე ანტიჰომოფობიური აქცია გაიმართა

დღეს, 17 მაისს, ლგბტ აქტივისტთა ჯგუფმა რამდენიმე სამთავრობო უწყების წინ ჰომოფობიის საწინააღმდეგო პარტიზანული აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სამთავრობო სტრუქტურებს მოსთხოვეს, აღმოფხვრან კონკრეტული პრობლემები დ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათ არ ჰქონდათ აქციის მშვიდად ჩატარების გარანტია.

პარტიზანული აქციები გაიმართა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების ერთგვარი სიმბოლოა. აქციები გაიმართა შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროებთან. ყოველ სამინისტროს მიმართ ლგბტ აქტივისტებს სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდათ.

[red_box]შინაგან საქმეთა სამინისტრო – სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა[/red_box]

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე აქტივისტებმა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ისაუბრეს და შსს-ს სთხოვეს, შეცვალოს არსებული საპოლიციო პოლიტიკა, რომელსაც ისინი ჰომოფობიური განწყობების გამღვივებელს უწოდებენ.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო-ტრანსოფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს. არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო-ტრანსოფობიურ წინასწარ განწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს,” – ამბობენ აქტივისტები.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, გატარდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, პოლიციელების ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდას, ასევე, დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

შსს-სთან შეკრებილი აქტივისტები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ შსს-მ ხელი შეუშალოს ფაშისტურ ჯგუფებს სოციალურ უთანასწორობასა და სოციალური დაპირისპირების გაღვივებაში.

იუსტიციის სამინისტო – ტრანსგენდერი ადამიანებისთვის იურიდიულ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების გაადამიანურება

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვენ იმას, რომ ტყრანსგენდერ ადამიანებს მისცეს შესაძლბელობა, სქესის ცვლილების შესახებ ჩანაწერი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში შეძლონ ძალადობრივი მოთხოვნების გარეშე. კანონით არ არის დარეგულირებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი.

აქციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ დღევანდელი მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის ადამიანები იძულებული ხდებიან, ჩაიტარონ არასასურველი, დაუსაბუთებელი, ძვირადღირებული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცლელი პროცედურები.

“შედეგად, ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ყოველდღე, ყოველ ადგილას, სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან დასაქმების, სერვისის მიღების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს წინ წაიკითხეს.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

[yellow_box]ჯანდაცვის სამინისტრო – ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების შექმნა[/yellow_box]

ანტიჰომოფობიური აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა. შეკრებილებმა სამინისტროსგან ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების სამედიცინო პროცედურებით უზრუნველყოფა მოითხოვეს.

აქტივისტთა განცხადებით, საქართველოში არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო სერვისები, რაც ტრანსგენდერ  და ინტერსექს ადამიანებს მათთვის სახიფათო პროცედურებისაგან იცავს.

“უნდა დაინერგოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისაგან და ტრანსგენდერი  ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავმინიჭების პროცედურების ჩატარებას”,- ნათქვამია მიმართვაში.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

[blue_box]განათლების სამინისტრო – ჰომოფობიური ბულინგისგან უსაფრთხო სკოლა [/blue_box]

აქტივისტების ჯგუფმა აქცია განათლების და მეცნიერების სამინისტროსთანაც გამართეს. ისინი უწყებისგან მოითხოვენ, სკოლა ჰომოფობიური ბულინგისგან უსაფრთხო გახდეს.

“როგორი სკოლა გვინდა?! სკოლა, სადაც ყველასთვის უსაფრთხო გარემო იქნება. სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის მქონე ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს. სადაც ბავშვებს, რომლებსაც უფროსების მხარდაჭერა სჭირდებათ, ეს უფროსები გაუგებენ და მიიღებენ. დაგეგმავენ ჰომოფობიურ ბულინგთან გამკლავების სტრატეგიას. შეწყდება ჰომოფობიური ბულინგი და მოხდება ამ პრობლემის პრიორიტეტად გამოცხადება,”-ნათქვამია მიმართვაში.

[blue_box]პარლამენტი[/blue_box]

აქციის ბოლოს, აქტივისტები ლისის ტბის მიდამოებში ავიდნენ, სადაც ბოლო მოთხოვნა გაახმოვანეს – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ლგბტ ადამიანების უფლებები დაიცვას.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობის ამოსავალი წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვა და  მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების  უმრავლესობის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. მათი დამოკიდებულება ჩაგრული ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას და მიმართულია სხვადასხვა ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ”, – წერია აქტივისტების განცხადებაში.

პარლამენტს აქციაზე მოუწოდეს, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს. ასევე, ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობის დაგმობასა და თანასწორობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული საჯარო განცხადებები გაავრცელოს და კამპანიები აწარმოოს.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

აქცია ვაკის პარკში

აქტივისტების ამ ჯგუფმა აქცია ვაკის პარკში,  ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან გამართა. სამოქალაქო აქტივისტმა და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელმა ეკა აღდომელაშვილმა საზოგადოებას ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მაშინ, როცა 17 მაისს ადამიანები ძალადობას ქუჩაში ზეიმობენ, აქტივისტებს პარტიზანული მეთოდებით უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

“17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. პირველად ამ დღის აღნიშვნა თემის წევრებმა 2011 წელს ვცადეთ, თუმცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ საშუალება არ მოგვცა, დაგვესრულებინა ჩვენი მსვლელობა. 2013 წელს კონტრაქციის ორგანიზება არაფორმალურმა ჯგუფმა კი არა, ეკლესიამ ითავა. შედეგად, დაშავდნენ აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები. 2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდედ გამოაცხადა. ასე გადაიქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ჰომოფობიის ზეიმად. პარალელურად, ბოლო წლებში მომძლავრებულმა ჯგუფებმა პირდაპირ, ღიად, დაუფარავად დაიწყეს სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ მოწოდება, სიძულვილის ქადაგება,”-განაცხადა ეკა აღდგომელაშვილმა.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი


ლგბტ ადამიანები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ თავისუფლად შეკრებასა და საკუთარ უფლებებზე ხმამაღლა საუბარს. სწორედ ამიტომ, 17 მაისს დაგეგმილი აქცია გაუქმდა, თუმცა აქტივისტთა ამ ჯგუფმა მაინც გადაწყვიტა აქციის ჩატარება მთავრობის კანცელარიის წინ. პარლალელურად, თბილისში დილიდანვე იმართება ნაციონალისტური და ფაშისტური დაჯგუფებების აქციები დისკრიმინაციული ლოზუნგებით.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი