ახალი ამბები

“ბასიანის” თანადამფუძნებელი ტატო გეთია დაკითხვაზეა დაბარებული

17 მაისი, 2018 • 1859
“ბასიანის” თანადამფუძნებელი ტატო გეთია დაკითხვაზეა დაბარებული

“ბასიანის” თანადამფუძნებელი ტატო გეთია პოლიციის სამმართველოში იკითხება – ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტეს, რომ ტატო გეთია მოწმის სახით იკითხება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტატო გეთია დაკითხვაზე დაიბარეს, ბასიანის თანადამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა გაავრცელა.

“როგორც ჩანს, შსს რიტორიკას არ იცვლის. არ ვიცი, ვის რაში აწყობს ბასიანთან ბრძოლა და კლუბის დისკრედიტაცია, თუმცა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ,”- დაწერა მან “ფეისბუკზე”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 15 მაისს განაცხადა, რომ 12 მაისს თბილისის კლუბებში პოლიციის შესვლისა და ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ გრძელდება გამოძიება კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, ჩვენ ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია. დადგინდება შესაბამისი კონტაქტები, მოპოვებული იქნება მტკიცებულები და თუ ასეთი მტკიცებულებები იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირების პსუხისმგებლობის საკითხი დადგება” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი