რატომ ადგენს საკრებულო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესს

ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა, სადაც სხვა დეტალებთან ერთად, გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის პირობები განსაზღვრა. გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება ჰპოვა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც ზუგდიდის საკრებულოს, ასევე ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროს, რათა გაერკვია, თუ რა შემთხვევაში ხდება გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა.

საკანონმდებლო მაცნეს მიხედვით, მსგავსი წესი საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტშია მიღებული, მათ შორის, თბილისში, გორსა და ფოთში. დადგენილების მიხედვით, გარდაცვლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე, საფლავზე დაყრილის ჩათვლით, უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

ნეტგაზეთს ზუგიდიდის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ უთხრა:

“საკრებულომ დაამტკიცა სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი, რომლის ერთ-ერთი რეგულაცია აღნიშნულ საკითხს ეხება. ეს არის საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ბუნებრივი მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაიკრძალოს სხვა მდგომარეობაში და, ვფიქრობ, როდესაც მსგავს სენსიტიურ თემას ეხება საკითხი, ეს არ უნდა გახდეს ქილიკის საგანი,” – განმარტავს სანდრო სორდია.

კითხვით, თუ რა შემთხვევაში ხდება გარდაცვლილის მჯდომიარე მდგომარეობაში დაკრძალვა, ნეტგაზეთმა დამკრძალავ ბიურო “ჰერმესს” მიმართა. როგორც იქ განმარტავენ, დაკრძალვის ასეთი წესი გავრცელებული პრაქტიკაა.

“ასეთი რამ ხდება გარდაცვლილის სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგალითისთვის, როდესაც ის დიდი ხნის განმავლობაში მჯდომიარე მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობაშია გარდაცვლილი. სხეულის გასწორება ამ დროს არ ხერხდება. ერთადერთი გზა არის ძვლებისა და მყესების გადატეხვა, რაც არაჰუმანურია და რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ,” – გვითხრეს ჰერმესში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან