დღეს არ იქნება სწორი რაიმე პოზიციის დაფიქსირება – კობახიძე მარიხუანის შესაძლო ლეგალიზებაზე

“ესეც არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. დღეს არ იქნება სწორი რაიმე პოზიციის დაფიქსირება ერთი ან მეორე მიმართულებით. ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ამის საფუძელზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას: რას ფიქრობს იგი მარიხუანის ლეგალიზაციის თაობაზე. ვიდეოს ექსპრესნიუსი ავრცელებს.

ნახეთ მე-12 წუთიდან:

მარიხუანის შესაძლო ლეგალიზაციის საკითხი აქტუალური გახდა ბერა ივანიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ახალი კლიპის შემდეგ.

რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს.

სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანის ლეგალიზებას უჭერს მხარს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს”ბარიგებს”, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის სიტყვებია:

“ვფიქრობ, თუ რეალურად აანალიზებ, იმ რაღაცეებთან შედარებით, რაც ლეგალურია, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ოდესმე კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოს, ვიდრე მარიხუანის მოწევამ “.

ირაკლი კობახიძემ დღეს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ზოგადად ნარკოპოლიტიკის თაობაზე მიმდინარე დისკუსიაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა:

“ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით. მართალია, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს უმრავლესობის წევრებს შორის, თუმცა რესურსიც არსებობს იმისათვის, რომ პოზიციები შეჯერდეს. ჩვენ გვინდა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოვამზადოთ კანონპროექტი და დავაინიციროთ, რაც გახდება საფუძველი, რომ სესიის ბოლომდე მოვახერხებთ მის მიღებას. მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკომოხმარება და ზოგადად ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს. ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს ჩვენს მიერ”, – თქვა კობახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com