ფაშინიანი დღეს სოჭში პუტინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 14 მაისს, სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდება. ინფორმაციას რუსული სააგენტო რია-ნოვოსტი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განმარტებით, შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს. უშაკოვის თქმით, ეს შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელი ერთმანეთს გაიცნობს.

ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთის ოპოზიციის ლიდერსა და ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრს არაერთი კომენტარის გაკეთება მოუწია რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკაზე . მისი განცხადებით, სომხეთი საგარეო პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან და  ODKB–დან [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] გამოსვლას გეგმავს. ამავე დროს, ფაშინიანი ხაზს უსვამს იმას, რომ სომხეთი ურთიერთობებს გააღრმავებს ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა 2018 წლის 8 მაისს აირჩია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი