26 მაისს თბილისში ლატვიის პრეზიდენტი ჩამოვა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისს საქართველოში ვიზიტი დაადასტურა ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
პრეზიდენტებმა ნატოს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს და ისაუბრეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის 100 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს ათეულობით ღონისძიება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 3 წელიწადში საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com