ახალი ამბები

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია იქნება

23 ნოემბერი, 2013 • • 1768
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია იქნება

ინფორმაცია თავად ნარმანიამ დაადასტურა:

 

“ვინაიდან დღეს გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქის მერობის ჩემ შესაძლო კანდიდატურად დასახელებასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, მე მოგაწოდოთ ინფორმაცია. ვადასტურებ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ჩემსა და კოალიციის ხელმძღვანელობას შორის, ვადასტურებ და გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას ჭირდება და ამ შემთხვევაში ეს არჩევანი არის ის, რომ დედაქალაქში არსებულ რთულ პრობლემებს და გამოწვევებს შევეჭიდო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიცხადებენ ნდობას”.–განაცხადა ნარმანიამ. 

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ბიოგრაფიის მიხედვით, ნარმანიამ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის” სპეციალობით დაამთავრა.  2002 წელს მას მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაციით. 2006 წელს კი, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი.


ნარმანიამ სტაჟირება გაიარა გერმანიის პოცდამის უნივერსიტეტში. მას ასევე მიღებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია და სხვა ჯილდოები.


რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, დავით ნარმანია  სხვადასხვა დროს  “კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორად,  “საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის” კვლევითი განყოფილების უფროსად, კომპანია “ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფში” გენერალურ დირექტორად, “საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის” საგადასახადო- საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.


ნარმანია ასევე მუშაობდა  პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრში” და საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად. 


დავით ნარმანია არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი