როგორ აირჩიეს ახალი პოლიტსაბჭო – “ოცნების” დეპუტატების შეფასებები

“ქართული ოცნების” ახალი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ცნობილია. სტრუქტურის წევრთა ვინაობა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა. სტრუქტურაში სხვებთან ერთად შევლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის ახალ თავმჯდომარედ წარდგენილი ბიძინა ივანიშვილი და თავად კახა კალაძე.

პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 21-დან 15-მდე შემცირდა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ოპტიმიზაციით ხსნის. ზოიძემ მედიასთან ახალი შემადგენლობის არჩევის პრინციპიც განმარტა.

“პრინციპია ის, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ პარტიის აღმასრულებელი მდივნები, სპიკერატი “ქართული ოცნებიდან” და ყველაზე დიდი ფრაქციების წარმომადგენლები. ჩემთვის პოლიტსაბჭოს წევრობა, ისევე როგორც დანარჩენებისთვის, ვინც აღარ არიან საბჭოში, არასდროს ყოფილა თვითმიზანი, არც არის და არც იქნება. პოლიტსაბჭო არის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს და აყალიბებს სტრუქტურებს. ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე  და მისთვის ყველაზე უფრო მოქნილი სტრუქტურა უნდა შექმნილიყო. ამიტომაც შემცირდა წევრთა რიცხვი 21-დავ 15-მდე, რადგან მართვის თეორიების  მიხედვით, 15 ადამიანი არის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება მართო”, – აღნიშნა მან.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, წევრთა შერჩევის პრინციპზე მსჯელობისას საწინააღმდეგო აზრი, პრაქტიკულად, არავის გასჩენია. მისი თქმით, კმაყოფილები დარჩნენ ისინიც, ვინც სტრუქტურის გარეთ აღმოჩნდა; მათ შორის- დეპუტატი ნუკრი ქანთარიაც, რომელიც მანამდე საბჭოს ახალ შემადგენლობაში ყოფნას იმედოვნებდა”.

“ამ პრინციპის შერჩევაში მოქმედი პოლიტსაბჭოს ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას და საწინააღმდეგო აზრი, ფაქტობრივად, არ გამოთქმულა. ბატონი ნუკრიც [ქანთარია] დაეთანხმა, რადგან პრინციპი იყო სავსებით სამართლიანად შერჩეული.

ბუნებრივია, სურვილი შეიძლება იყო ის, რომ პოლიტსაბჭო უფრო წარმომადგენლობითი ყოფილიყო, თუმცა მოქმედმა შემადგენლობამ გადაწყვიტა და ყველა დაეთანხმა ამას, რომ [წვრების]რაც შეიძლება ოპტიმალური რაოდენობა შეგვერჩია, რაც პოლიტსაბჭოს ეფექტურობას უფრო გაზრდიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ  საკანონმდებლო ორგანოს მეტი წარმომადგენელი ყოფილიყო შერჩეული”.

მდინარაძის თქმით, ცვლილებები პარტიის მუშაობის გასაუმჯობესებლად იყო საჭირო. “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ბოლო დროს პარტია მეტწილად არჩევნების წინ აქტიურდებოდა, რაც აღარ უნდა მოხდეს.

“აბსოლუტურად გულწრფელი კომენტარი იყო ბატონი გიორგის მხრიდან. ჩვენ ამ ბოლო დროს უფრო ჩამოვყალიბდით საარჩევნო მიზნებისათვის მოქმედ პარტიად. მართალია, პარტია არსებობდა, ფუნქციონირებდა, მაგრამ უფრო აქტიურდებოდა  საარჩევნო პერიოდში. ეს ასე არ უნდა იყოს. ვფიქრობ, ბატონი ბიძინას დაბრუნება და ეს პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, პარტიის გაძლიერებასა და ქმედითუნარიანობას უფრო შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მდინარაძემ.

სხდომის დასრულებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, წარმოდგენილი იქნებოდა თუ არა ახალ შემადგენლობაში დავით საგანელიძე, რომელმაც მანამდე მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს დატოვება სურდა. თუმცა, როგორც შემდგომ განაცხადა, კოლეგებმა დაარწმუნეს, რომ მის ამჟამინდელ თაბამდებობასა(“საპარტნიოიო ფონდის” ხელმძღვანელი) და პოლიტსაბჭოს წევრობას შორის წინააღმდეგობა არ არსებობდა.

პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ (ბიძინა ივანიშვილი), ასე ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. იყო მოსაზრება რომ დიდი გამოცდილება მაქვს მართლაც პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში, არამედ მანამდეც. მოგეხსენებათ, 16 წელია პოლიტიკაში ვარ და რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას”, – უთხრა საგანელიძემ მედიას.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან