ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს ორგანზომილებიანი კონფლიქტი

27 აპრილი, 2018 • 4649
საქართველოს ორგანზომილებიანი კონფლიქტი

ავტორი: შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი


აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული თემები, ქართული (ისევე როგორც აფხაზური) მედიისა და პოლიტიკური დებატების ეპიცენტრში რაიმე სკანდალური, კრიზისული, ძირითადად ნეგატიური მოვლენების შემდეგ ხვდება.

სამოქალაქო აღქმაში პროტესტის გამომწვევი ამბების მომსწრე წელიწადში რამდენჯერმე ვხდებით. გავიხსენოთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ადმინისტრაციულ ხაზთან, შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის საკითხი… უკანასკნელი კრიზისი – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ამბავი სხვებზე დიდხანს იყო პოლიტიკური განხილვების ეპიცენტრში, რასაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მოსკოვისადმი მიმართულმა ღია წერილმაც შეუწყო ხელი.

თუმცა, როგორც კი მთავარი ტალღა გადაივლის ხოლმე, როგორც კი თითოეული პოლიტიკური აქტორი ამა თუ იმ მხარეს თავის სათქმელს იტყვის, სკანდალური ამბავი ისტორიას მიეცემა. ბუნებრივია, მანამ, სანამ მომდევნო უსიამოვნო ან თუნდაც ტრაგიკული ამბავი არ მოხდება.

ჩვენს საზოგადოებაში არ ხდება პრობლემის ცივ გონებაზე შეფასება.

[blue_box]პრემიერის მიმართვა[/blue_box]

ხელისუფლებამ, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა კრიზისზე საპასუხოდ 9 მარტს ღია განცხადება გააკეთა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რაც კონფლიქტების თემატიკის შესახებ საჯარო დისკუსიების ერთგვარი კატალიზატორი გახდა.

განხილვების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმოჩინდა – აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ ზედმეტად ზედაპირული და არარეალისტური შეხედულებები გვაქვს დამკვიდრებული საზოგადოებაში. არ ხდება ამ საკითხის რეალური სირთულის ადეკვატური გააზრება, რაც შეიძლება სხვებთან ერთად იმითაც არის განპირობებული, რომ არ ვიცით, სად არის გამოსავალი.

რთული საკითხების შეჭიდებისას ხანდახან სჯობს გამოვიყენოთ გამორიცხვის მეთოდი – ჯერ გავაანალიზოთ ის პოლიტიკა/ხედვა, რომელიც დღემდე გვაქვს, რომელიც არ მუშაობს კარგად და უდიდესი ალბათობოთ არც იმუშავებს მომავალში.

რამდენჯერაც ვუყურებთ ტელევიზორში დებატებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შესახებ, იმდენჯერვე შევამჩნევთ, რამდენად ნაკლები ადგილი ეთმობა თავად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.

ამ მხრივ დომინანტია ქართულ-რუსული ურთიერთობები და რუსული ოკუპაციის პოლიტიკა. რაც, ერთი მხრივ, ლოგიკურიცაა, რადგან რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის მიხედვით ოკუპირებული აქვს და ჯარი ჰყავს განთავსებული ამ ორ რეგიონში.

რუსეთი მნიშვნელოვანწილად, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში, მართლაც არის სიტუაციის ბატონ-პატრონი. ჩვენც გამუდმებით ვსაუბრობთ მხოლოდ რუსეთზე და მის დესტრუქციულ როლზე. ესეც პრინციპში გასაგებია. ისიც გასაგებია, რომ დე ფაქტო რეჟიმებთან სახელისუფლებო დონეზე დიალოგი საფრთხის შემცველია იმ მეინსტრიმული საჯარო დისკურსისთვის, რაც დღეს გვაქვს – ნარატივი, რომლის მიხედვითაც, არსებობს მხოლოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი. და ის, რომ რუსეთი შეეცდება პროცესების ეპიცენტრი ქართულ-რუსულიდან ქართულ-აფხაზურზე და ქართულ-ოსურზე გადაიტანოს.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ლოგიკურად ჩანს და თითქოს სწორიც არის, რომ პრემიერის წერილს ამდენი კრიტიკა შეხვდა. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, რაზე დაფიქრებაც გვმართებს და რასაც იშვიათად წავაწყდებით ტელედებატების ყურებისას – რუსეთს ასევე აწყობს, რომ ჩვენ არ ველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს.

რომ არ გამოინახოს ჩვენ შორის საერთო ენა, სასაუბრო სივრცე. რადგან თუ ეს ასე არ მოხდება, მოსკოვი ისევე დაუბრკოლებლად  გვათამაშებს თავის თამაშს, როგორც ეს ბოლო 25 წელია ხდება. ერთგვარი დუალისტური კვანძია. წინააღმდეგობრივი.

ერთი მხრივ, რუსეთს სურს ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს დე ფაქტო რეჟიმებთან პირდაპირი საუბარი და, მეორე მხრივ, თუ მათთან არ ვილაპარაკეთ და, შესაბამისად, საერთო ენაც ვერ გამოვნახეთ, ძნელი იქნება არსებულ დინამიკაში პოზიტიური ბიძგის შეტანა. ძნელი იქნება შერიგების პროცესი, რომელიც არა მხოლოდ ჰუმანური, არამედ ჩვენი, ქართული მხარის როგორც საზოგადოებრივი, ასევე სამთავრობო პოლიტიკური ხედვაცაა.

[red_box]აფხაზებთან კონფლიქტის იგნორირების პოლიტიკა[/red_box]

საქმეც ის არის, რომ რუსეთთან კონფლიქტის გარდა აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენს თანამოქალაქეებთან, ურთიერთობაშიც მძიმედ გვაქვს საქმე. საბედნიეროდ, გაცილებით უკეთ, ვიდრე სომხებს და აზერბაიჯანელებს აქვთ ერთმანეთთან, თუმც, აფხაზების წარმოდგენები ჩვენ შესახებ შერიგების პროცესს ართულებს.

ამ აღქმას საზოგადოების რაღაც ნაწილი აცნობიერებს და უბრალოდ არ იცის, სად ეძებოს გამოსავალი (მათ შორის მეც). ბევრი საერთოდ ვერ ხვდება, რომ აფხაზებთან/ოსებთან პრობლემები გვაქვს. რაღაც ნაწილი ნაწილობრივ ხვდება, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ საკითხის წამოწევა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია და ჩუმად ზის, მარტო რუსეთზე ლაპარაკობს და ელოდება როდის დაიშლება ჩრდილოელი მეზობელი.

ან კიდევ იმას, მინიმუმ პუტინი როდის მოკვდება. ამის ლოდინს სჯობს, ბოლოს და ბოლოს, აფხაზებთან ფართო დიალოგის შესახებ საუბარი დაიწყოს საზოგადოებაში. არა ბრიუსელში და ვაშინგტონში, ნატოში ან ევროკავშირში, არამედ აქ, ჩვენთან, შიგნით.

რეალობაში, აღნიშნული პრობლემა თავის თავში მოიცავს 2 პრობლემას. 1). ეს არის საერთაშორისო კონფლიქტი ორ სახელმწიფოს, საქართველოსა და რუსეთს შორის (interstate conflict) 2). ქვეყნის შიდა კონფლიქტი, ცენტრსა და მის რეგიონებს შორის – ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტები (intra-state conflict), რომლებიც ეთნო-პოლიტიკური ხასიათისაა.

გამოდის, რომ სამი კონფლიქტი გვაქვს, თუმცა ეს სამივე (ორი შიგნით, ერთი გარეთ) კონფლიქტი, უფრო სწორად, პოსტკონფლიქტები, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათში მოვლენების განვითარება ერთმანეთზეა დამოკიდებული.

საქართველოს კონფლიქტების ორგანზომილებიანობის, გნებავთ, ორი სიბრტყის გაანალიზება არის ფუნდამენტური მნიშვნელობის და მის გარეშე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარებაში ნამდვილი პროგრესის მიღწევა ძალიან რთულია.

განსაკუთრებით აფხაზეთის შემთხვევაში. როგორც ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა უკანასკნელი კრიზისის დროს. პოლიტიკური დისკუსიების სივრცეში წამყვანი ადგილი ეთმობა მხოლოდ ქართულ-რუსულ დისკურსს. ეს არის ცენტრალური დისკურსი და მის არსებობას ასევე ახსნადი მიზეზები აქვს. ეს მეინსტრიმული ნარატივი, ამავდროულად, არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (იგულისხმება ორივე ნაციონალური პარტია) დოქტრინა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: საქართველოს აქვს კონფლიქტი სახელმწიფო რუსეთთან, მას არ შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ვინაიდან ისინი არ არსებობენ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები.

რუსეთი წყვეტს ყველაფერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიერ კონტროლირებადი მარიონეტული რეჟიმები მარიონეტულები არიან. შესაბამისად, ამ რეჟიმებთან საუბარს აზრი არ აქვს, რუსეთის მიერ ნაკარნახევ პოლიტიკას ასრულებენ. მეტიც, მათთან დიალოგი არის ჩვენი ინტერესებისთვის სერიოზულად საზიანო, რადგან ამას რუსეთი გამოიყენებს და თავს დააღწევს „კონფლიქტის მხარეობას“ საქართველოსთან. იტყვის, რომ ის არაფერ შუაშია, რომ თბილისმა თავისი კონფლიქტები სოხუმთან და ცხინვალთან თავად უნდა მოაგვაროს.

ამრიგად, აღნიშნული ნარატივის მიხედვით, რეგიონების მმართველ რეჟიმებს თბილისი არ უნდა ესაუბროს (გარდა IPRM-სა და ჟენევის ფორმატებისა, რომლებიც ჰუმანიტარული და უსაფრთხოებითი ხასიათისაა). ასევე, არ უნდა ვესაუბროთ რუსეთს, რადგან ერთი-ერთზე ის ჩვენზე ძლიერია და ეს ჩვენს ინტერესებს დააზიანებს. აქაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს თავის სიძლიერეს. მოკლედ, რუსეთთან პირისპირ საუბარი არ შეიძლება. მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების გავლით. თუ კონფლიქტების საკითხთან მიმართებაში ენმ-ის წევრების კომენტარებს გავეცნობით, დავინახავთ, რომ ისინი აკრიტიკებენ კარასინ-აბაშიძის ფორმატს და მასაც საზიანოდ აფასებენ. ჟენევის დისკუსიებში შესაძლო ცვლილებებსაც სკეპტიკურად უყურებენ, ვინაიდან ესეც შესაძლოა მოსკოვმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს.

ამ ხედვის მიხედვით პრინციპში დარჩენილია ერთადერთი ასპარეზი, სადაც ჩვენ აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ – საერთაშორისო არენა, სადაც რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ რუსეთს და შევეცადოთ მუდმივ ეპიცენტრში ვამყოფოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საკითხი.

თავად აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი განიხილება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო დონეზე. ხოლო დე ფაქტო რეჟიმებთან საუბარი გაიგივებულია მათ ფაქტიურ აღიარებასთან. ასეთ ხედვას არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსები ლობირებენ, არამედ საექსპერტო წრის მნიშვნელოვანი ნაწილიც.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არის გასაგები, რეაგირების პოლიტიკა, თუმცა, არა პროაქტიული, რადგან მას არ აქვს კონფლიქტის მოგვარების გზაზე პრაგმატული ხედვა. ეს უფრო შეკავების პოლიტიკას ჰგავს.

ბუნებრივია, რომ არსებულ მდგომარეობაში საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი რეაგირების მექანიზმი უნდა იყოს სხვადასხვა სახის საერაშორისო ზეწოლის ბერკეტები. მაგალითად, მარტის თვეში პარლამენტში მიღებული რეზოლუცია, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია. ეს ადეკვატური ნაბიჯია, მორალურადაც და პოლიტიკურადაც.

იმ პირებმა, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, უნდა აგონ პასუხი იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს დღეს შესაძლებელია. ადამიანის მკვლელის დასჯა ის საკითხია, რომელზედაც, წესით, აფხაზებთან და ოსებთან თანხმობა უნდა გვქონდეს. თუმცა, გაურკვეველია, როგორ ისახება კონფლიქტის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ამ ორ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის (გალის და ახალგორის ქართველი ნაწილის გარდა) აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სახელმწიფოსადმი მკვეთრად ნეგატიურად არის განწყობილი.

არა მხოლოდ მათი რეჟიმები, არამედ თავად ხალხიც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა.

ჩვენს საზოგადოებაში ბევრს ჰგონია, რომ რუსეთის ერთ მშვენიერ დღეს წასვლასთან/დასუსტებასთან ერთად ჩვენი ურთიერთობები აფხაზებთან დალაგდება, დევნილებიც დაბრუნდებიან და რუსეთის გარეშე დარჩენილი აფხაზები იძულებულნი გახდებიან, დათმონ თავიანთი მკვეთრი ნაციონალისტური პოზიციები ცალკე სახელმწიფოს ქონის შესახებ.

მსგავსი ილუზიები კვებავს იმ ჩიხურ სიტუაციას, რომელშიც კარგა ხანია ამოვყავით თავი. განსაკუთრებით აფხაზებთან სასაუბრო განზომილება უაღრესად მნიშვნელოვანია.

არსებულ პირობებში საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის აღდგენითი პროექტები აფხაზ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის და არ შეიძლება იყოს საკმარისი ჩიხურ სიტუაციაში გარდატეხის შესატანად.

სამწუხაროდ, წლების მანძილზე ოსებთან, განსაკუთრებით კი აფხაზებთან, არსებული კონფლიქტის, ომისა და ტკივილით სავსე კოლექტიური მეხსიერების სათანადო გაცნობიერება არ ხდება ქართულ საზოგადოებაში.

ეს, ერთის მხრივ, იმით აიხსნება, რომ ჩვენ პოლიტიკურად არ გვაწყობს იმის გაცნობიერება, რომ ასე მძიმედ არის საქმე და ვცდილობთ საქმე ავიყვანოთ მხოლოდ ქართულ-რუსულ კონფლიქტის აქტუალიზაციამდე. და ის აღქმა, რომ აფხაზებთან ურთიერთობის საკითხი არ არის პრაქტიკულ დონეზე იმდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, რამდენადაც რუსეთის ქმედებების შესახებ პროტესტის გამოხატვა ევროპაში არის მცდარი.

2012 წლის შემდეგ რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომ მუდმივ გაურკვევლობაში და უსამართლობის განწყობაში გვამყოფოს. პერმანენტული გატაცებები ადმინისტრაციულ ხაზთან იწვევს ჩვენს საზოგადოებაში მეტ აღშფოთებას და ამ ფაქტებზე რეაგირების რეჟიმში გვტოვებს. აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებში უსამართლობის განცდა არსებობს. მაგრამ ჩვენ თუ ძირითადად რუსეთს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას (მიუხედავად იმისა, რომ ტატუნაშვილი და ოთხოზორია ოსმა და აფხაზმა მოკლეს), აფხაზები ჩვენკენ იშვერენ თითს.

დღევანდელი სტატუსკვო მხოლოდ გატაცებები, გამშვები პუნქტების დახურვა, მავთულხლართების გავლების პროცესი არ არის. ის ასევე მოიცავს აღქმით სტატუსკვოს. ჩვენ რუსებს და მათ მიერ დასმულ ოკუპირებულ რეჟიმებს ვადანაშაულებთ, ხოლო აფხაზები- ჩვენ, იმაში, რომ მათ არ აქვთ კავშირი გარე სამყაროსთან და ჯერ კიდევ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში უწევთ ცხოვრება. ეს ამძაფრებს მათ ჩვენდამი რეზისტენტულობას. ჩვენთვის რუსეთია აგრესორი, ხოლო აფხაზებისთვის- ჩვენ. ასეთ ვითარებაში რუსეთი ძალიან მომგებიან პოზიციაშია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი არა მხოლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებს, არამედ გარკვეულწილად საქართველოს პოლიტიკასაც. ჩვენთან დომინანტი პოლიტიკური შეხედულება არის, რომ აფხაზებთან და მათ დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგი ავტომატურად მათ სახელმწიფოებად აღიარებას ნიშნავს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

აფხაზებთან საუბარი, როგორც კონფლიქტის მხარესთან, არ ნიშნავს, რომ თბილისი მათ აღიარებს ან რუსეთის მიერ ოკუპაციის ცნებას აყენებდეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

თუ გადავხედავთ კვიპროსის კონფლიქტს, ვნახავთ, რომ ოფიციალური კვიპროსი ათწლეულების მანძილზე აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქ კვიპროსელებთან, პრეზიდენტებიც ხვდებიან და ჩინოვნიკებიც კამერების წინ.

ამავდროულად, თურქეთის, როგორც ოკუპანტის, სტატუსი არ დამდგარა ეჭვქვეშ ევროპაში.

ბუნებრივია, კვიპროსი მაინც სხვა შემთხვევაა, მაგრამ ბერძნულ თემს არ შეშინებია თანაკუნძულელებთან დიალოგის წარმოება.

პრემიერის ინიციატივა აფხაზებთან/ოსებთან პირდაპირი საუბრის შესახებ შეიცავს რისკებს. ზემოთ აღნიშნული პრემიერის წერილის ტექსტი შეიძლება უკეთესადაც დაწერილიყო, მაგრამ ის არ ყოფილა ისეთი კატასტროფული, როგორც ეს ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ფრთამ წარმოაჩინა. ენმ-ის შეხედულებები შეიძლება ლოგიკური იყოს ქართულ-რუსულ განზომილებაში, მაგრამ დესტრუქციულია ქართულ-აფხაზურ განზომილებაში.

სოხუმი, 2017. ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ხელისუფლების პოლიტიკა

ძნელია გადაჭრით თქმა, მოგვიტანა თუ არა წინსვლა ქართული ოცნების ხელისუფლების შედარებით თავდაჭერილმა, მოზომილმა პოლიტიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში.

სახეზეა შესამჩნევი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ბოლო წლები ალბათ ყველაზე მშვიდი იყო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში 25 წლის მანძილზე. აღარ არის აგრესიული, მილიტარისტული და რევანშისტული რიტორიკა თბილისის მხრიდან. კარგად მუშაობს სამედიცინო რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ძალიან ბევრი პაციენტი გადმოდის აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და მკურნალობს. ასევე ხედავს, რომ საქართველოში ცხოვრება შესაძლებელია, მინიმუმ კარგი მეზობლობა მაინც.

განხორციელდა მნიშვნელოვანი ნდობის აღდგენითი პროექტები სამოქალაქო დონეზე. შეიქმნა დადებითი თანამშრომლობის მაგალითები, როგორიც იყო პატიმრების გაცვლის პროცესი. თუმცა, მეორე მხრივ, სახეზეა განუწყვეტელი გატაცებები ადმინისტრაციულ ხაზთან, აფხაზეთში ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევა, მავთულხლართები, ჟენევაში გარკვეული სტაგნაცია ა.შ.

მართლაც რთული დასადგენი ხდება, რამდენად არის პოლიტიკურად გამართლებული თბილისის შედარებით ნაკლებად მყვირალა პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე. არის ეს ის მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მოსკოვთან შედარებით თავდაჭერილი პოლიტიკით მივაღწიოთ?

[red_box]დიალოგი აფხაზებთან[/red_box]

ასეთ პირობებში საკითხი არა იმაში მდგომარეობს, შეიძლება თუ არა სოხუმთან პირდაპირი დიალოგი (ოსების საკითხი სჯობს დროებით გვერდზე გადავდოთ), არამედ იმაში, თუ როგორ უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს? რა ფორმატში? რომ არ დაზიანდეს არაღიარების პოლიტიკა, მაგრამ, ამავდროულად, აფხაზურ მხარესაც უსაფრთხო სივრცე გაუჩნდეს თბილისთან უფრო ფართო საკითხებზე სასაუბროდ, ვიდრე ეს ჟენევაში ან IPRM-ის ფორმატებში ხდება.

ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში თვითმმართველობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთი უფრო თვითმყოფია. თუმცა, დე ფაქტო სოხუმის ხელისუფლებაც მუდმივ წნეხში არის თავისი საზოგადოების მხრიდან.

გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინ ქართველი პატიმრის გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადმოცემა, რომელმაც მასობრივი სახალხო პროტესტი გამოიწვია, ვინაიდან აფხაზეთში გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც ლუკავა ომის დროს გამოირჩეოდა აფხაზების მიმართ სისასტიკითა და დაუნდობლობით.

აფხაზეთში მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველომ ჯერ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და შემდეგ შეიძლება უკვე მათთან დიალოგზე დაფიქრება. მაგრამ დღეს მტერია, რომელიც არ აღიარებს, საერთაშორისო იზოლაციაში ამყოფებს აფხაზეთს და დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის მავნეა მასთან საუბარი.

საქართველო თავისი რბილი ძალით, ჭკვიანური პოლიტიკით და შეტყუებით შეეცდება აფხაზების ისევ ქართულ ორბიტაზე დაბრუნებას. შედარებით ლოიალური ჯგუფი ფიქრობს, რომ შესაძლებელია თბილისთან უფრო ფართო დიალოგი სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია, თბილისმა გადადგას პირველი ნაბიჯი და ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებას აფხაზეთთან.

მესამე და ყველაზე რადიკალური ნაწილი არც კი განიხილავს საქართველოსთან დიალოგს. მათთვის კონფლიქტი დასრულებულია, ამოწურულია და სალაპარაკო არაფერია დარჩენილი.

აფხაზურ საჯარო დისკურსში, როგორც კი რაიმე საქართველოსთან კავშირში ამოტივტივდება, მაშინვე მოსახლეობის ეს ნაწილი აქტიურდება და ცდილობს ყველანაირად დესტრუქციული იყოს თანმხვედრი იდეებისადმი.

ამრიგად, დომინანტი ნარატივი ორივე საზოგადოებაში ბლოკავს, ზღუდავს სხვა, უფრო კონსტრუქციულ ხედვებს, მსჯელობას, განსხვავებულ აზრს და ორივე მხარე ადვილად სამართავია გარეშე ძალის მიერ.

ორივე საზოგადოება პოსტკონფლიქტურია და ნაკლები იცის ერთმანეთის შესახებ. თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ საერთო ენა გამოვნახოთ, რადგან უპირველესად ჩვენი პრიორიტეტია შერიგება. არსებული დომინანტური ხედვა, რუსეთი რომ არ იყოს, ჩვენ აფხაზებთან დიდი არაფერი კონფლიქტი არ გვქონია და თავისუფლად შევთანხმდებით, არ უქმნის დაბრკოლებას აფხაზეთის რუსეთში ინკორპორაციის პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია და ნელ-ნელა ან შეიძლება ჩქარ-ჩქარაც ვითარდება.

უნდა ვეძებოთ ყველა ახალი შესაძლებლობა და ფორმატი ქართულ-აფხაზური მიმართულებით.  შევძლოთ აფხაზებთან- როგორც საზოგადოებასთან, ასევე პოლიტიკოსებთან- სასაუბრო სივრცის შექმნა და გაფართოება. თუნდაც, სახელისუფლებო დონეზე.

ჩვენს საზოგადო აზროვნებაში ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა აფხაზეთს და განსაკუთრებით მის რეალურ მდგომარეობას, მათ ჩვენდამი მტრულ დამოკიდებულებას. მხოლოდ რუსეთზე აქცენტირება და აფხაზების პრობლემის იგნორირება ჩვენს აზროვნებაში ნაწილობრივ პროდუქტიული, მაგრამ, ამავდროულად კონტრპროდუქტიულია.

რამდენადაც თითქოს გვაწყობს აფხაზებთან კონფლიქტის იგნორირება, ეს პოლიტიკა იმდენადვე კონტრპროდუქტიულია, რადგან დიალოგი თითქმის არ არსებობს და ამან უკვე გამოიწვია წლების მანძილზე აფხაზეთის ინკორპორაცია რუსულ სისტემაში.

ჩვენც და აფხაზებსაც მოქმედების მცირე არეალი დაგვიტოვა ამგვარმა ხედვებმა. იმით, რომ პრობლემას იგნორირებას უკეთებ, თავად პრობლემა არ ქრება. კონფლიქტის დე ფაქტო მხარესთან პირდაპირი დიალოგი არ შეიძლება მავნებელი იყოს კონფლიქტის მოგვარებისა თუ ტრანსფორმაციის გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი