დეკანოზი თამაზ ლომიძე: დაუშვებლია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონის მიღება

გერმანიაში, მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს.

“რელიგიურ საკითხებზე შეურაცხყოფა, დაცინვა და ამგვარები, ჩემთვისაც, როგორც სასულიერო პირისთვის, სრულიად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ცივილიზებული და კულტურული ხალხი შეურაცხყოფის გარეშე უნდა ახერხებდეს ერთმანეთში კამათს და თუნდაც კრიტიკას. ამის უუნარობა ოპონენტის გაუნათლებლობაზე და სისუსტეზე, ხოლო საზოგადოების განვითარების ჩამორჩენილობაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, მაინც დაუშვებლად მიმაჩნია სახელმწიფოს მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელის დაწესება და აი, რატომ?

როგორც კი (თუ) მივიღებთ ამ კანონს, იმავე დღიდან აღმოვჩნდებით სრულ აბსურდში და სისულელეში. ბევრი რელიგიური ორგანიზაცია დააყენებს საჩივარს (მისი აზრით) მისი რელიგიის შეურაცხყოფისთვის, ამას არ ექნება დასასრული, ამას ვერ გაარჩევს ვერც ერთი მოსამართლე, რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწევთ მომჩივნად და მოსარჩელედ სირბილი სასამართლოებში, ადვოკატების დაქირავება, კვლავ გასაჩივრება, იქნება სრულიად სასაცილო და აბსურდული შემთხვევები, იქნება დამარცხებულების შურისძიება მომავალ საქმეებში და ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება აღიარებით, რომ აბსურდში გავეხვიეთ და სასაცილო გახდა ეს ყველაფერი. ნამდვილი რწმენისთვის, მორწმუნეებისთვის და მთლიანად რელიგიური ორგანიზაციების ავტორიტეტისთვის კი ამას ექნება წარმოუდგენლად მძიმე შედეგები.

მაშინ გახდება რელიგია მართლაც შეურაცხყოფილი. საბოლოოდ დავბრუნდებით ისევ აქ, სადაც ახლა ვართ და ვიტყვით, რომ შევცდით, რომ მხოლოდ კარგი განათლებით, სწორი აღზრდით, ერთმანეთის პატივისცემით და ცივილიზებული სამყაროს გამოცდილების გათვალისწინებითაა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლბაში მართლაც შემორჩენილია სასჯელის მუხლები მკრეხელობისთვის, თუმცა ამას დღეს თითქმის არავინ იყენებს ევროპაში, რადგან ევროპელი მოქალაქეების ცნობიერებაში კულტურამ და თავისუფლებამ დიდი ხანია უპირობოდ გაიმარჯვა მონობასა და უკულტურობაზე. ესაა ჩვენი ერთადერთი გზაც”, – წერს ფეისბუკში დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com