სოფო კილაძე მხარს უჭერს რელიგიური შინაარსის შეურაცხყოფის კანონმდებლობით დარეგულირებას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რელიგიური ნიადაგზე ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება სამართლებრივად უნდა გაკონტროლდეს:

“ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაუშვებელია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რასაც რელიგია და შინაგანი რწმენა ჰქვია. ამიტომ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს იმის დარგეულირება, რომ ადამიანებმა უბრალოდ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ეს იყოს კანონმდბელობით გათვალისწინებული”,- განაცხადა კილაძემ საკომიტეტო განხილვაზე.

მისივე თქმით, განსაკუთრებულადაა გახშირებული რელიგიური გრძნობების ნიადაგზე ადამიანების შეურაცხყოფა, როგორც მართლმადიდებლების, ისე არამართლმადიდებლების:

“განსაკუთრებით აღმაშფოთა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი. აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას და მეც ვიზიარებ და ვუერთდები მათ. იმავდროულად, ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობის პატივისცემისა და სიყვარულის მაგალითი, მათ შორის რაც შეეხება სხვადასხვა სარწმუნოებებს, და ძალიან ბევრი სარწმუნოება გვერდიგვერდ ბევრი სიყვარულითა და პატივისცემით თანაარსებოდბნენ”,- ამბობს კილაძე.

პარლამენტი განიხილავს ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ინიციატივის მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფა გახდა.

კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com