ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს

ხავერდოვან რევოლუციაში არ ყოფილა არანაირი საერთაშორისო ჩარევა – ამბობს ნიკოლ პაშინიანი, რომელიც სომხეთში რამდენიმედღიანი საპროტესტო ტალღის მთავარი ფიგურაა. პაშინიანს ეკუთნის ინიციატივა, რომელიც სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლას უკავშირდება. გადამდგარი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა, რომ სომხეთში დაწყებული მოვლენები ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის საფუძველიც გახდეს? 

ვინ არის ნიკოლ პაშინიანი

ნიკოლ პაშინიანი 1975 წელს დაიბადა, 1991 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ჟურნალისტიკის მიმართულებით. 1994-98 წლებში რამდენიმე ყოველდღიური გაზეთის ჟურნალისტი და მთავარი რედაქტორი იყო. ყველაზე დიდხანს, 13 წლის მანძილზე კი გაზეთ “Haykakan Zhamanak”-ის მთავარი რედაქტორის პოსტი ეკავა. 

ჟურნალისტობის პარალელურად პაშინიანმა სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა “Aylntrank” ჩამოაყალიბა, 2008 წელს კი სომხეთის პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის, ლევონ ტერ პეტროსიანის წინასაარჩევნო შტაბის წევრი იყო.

ნიკოლ პაშინიანი სწორედ 2008 წელს დააპატიმრეს პირველად. მის შესახებ ცნობებს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში შეხვდებით. “Freedom House” წერს, რომ  ნიკოლ პაშინიანი 2008 წლის იანვარში 7 წლით დააპატიმრეს. იმ დროს პაშინიანის დაპატიმრება არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღასა და მასობრივი არეულობაში ჩართულობას უკავშირდებოდა. პაშინიანი ციხიდანაც წერდა სარედაქციო წერილებს სომხეთის პენიტენციურ სისტემაში კორუფციის შესახებ. “Freedom House” ანგარიშში წერს, რომ ამის შემდეგ ციხეში სცემეს და სამარტოო საკანში გადაიყვანეს, ბოლოს კი მკაცრი რეჟიმის ციხეში გაგზავნეს. ხელისუფლება მისი ცემის ფაქტს უარყოფდა, თუმცა 2010 წელს 7-წლიანი სასჯელი 3.5 წლამდე შეუმცირდა.

2012 წლიდან ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს.

დემონსტრაციები სომხეთში და პაშინიანის და სარგსიანის შეხვედრა

ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.  აქცია სლოგანით “არა სერჟს”! მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ერევანში ჯერ კიდევ 23 მარტს გაიმართა. მარში ახალგაზრდა აქტივისტებმა გამართეს და მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქვეყნის ოპოზიციურ პარტიებს.

მოგვიანებით, პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება”, რომელიც ოპოზიციური ბლოკის, “ელკის” ნაწილია, სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ კამპანია “ჩემი ნაბიჯი” დაიწყო. თუმცა თავდაპირველად ყველაფერი იმით შემოიფარგლებოდა, რომ პარტიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი და მისი თანაგუნდელები ონლაინ რეჟიმში ტრანსლირებდნენ, თუ სად გადაადგილდებიან ფეხით. პაშინიანის გეგმით, კამპანია სერჟ სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ ერევანში დიდი მიტინგითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებით უნდა დასრულებულიყო. 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

BBC წერს, რომ პაშინიანი მის ბოლო ამბოხს თავად “ხავერდოვან რევოლუციას” უწოდებს და მას 1989 წლის ჩეხოსლოვაკიის საპროტესტო ტალღას ადარებს, რომელმაც კომუნისტური მმართველობა დაასრულა.

მოვლენების ესკალაციის გამო სერჟ სარგსინი ნიკოლ პაშინიანს შეხვდა. შეხვედრა კვირა დილით, 21 აპრილს, ერევანში ათეულობით ჟურნალისტის თანდასწრებით გაიმართა. მათი შეხვედრა მოკლე იყო. სარგსიანმა შეხვედრა დატოვა, რადგან პაშინიანი დიალოგის დროს უკომპრომისო იყო:

“ეს გაუგებრობაა, მე მოვედი, რომ თქვენი გადაყენების პირობებზე გესაუბროთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი და უმტკივნეულო გადაცემა”. – განაცხადა პაშინიანმა შეხვედრაზე, სარგსიანმა კი პაშინიანის ამ გამოსვლას შანტაჟი უწოდა.

ნიკოლ პაშინიანი ფოტო: მარიამ ნიკურაძე

შეცვლის თუ არა საპროტესტო ტალღა სომხეთში ქვეყნის საგარეო კურსს ?

BBC წერს, რომ სერჟ სარგსიანის მიმართ დაგროვებული უკმაყოფილება ქვეყნის შიგნით არსებულ სიღარიბეს და თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგების უუნარობას უკავშირდება. ასევე სერჟ სარგსიანს და მის მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან ახლო კავშირების გამო. იხსენებენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის პრეზიდენტის და პრემიერის თანამდებობებს მონაცვლეობით იკავებს.

როდესაც სარგსიანი პრეზიდენტი იყო, ქვეყნის საპრეზიდენტო მოწყობის სისტემა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით შეცვალა, სადაც რეალური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს აქვს. იმის მიუხედავად, რომ პირობა დადო, პრემიერი არ გახდებოდა, მაინც დაიკავა ეს თანამდებობა.

ექსპერტი სომხეთიდან რიჩარდ გირაგოსიანი BBC-ისთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა მთავარი შეკითხვაა, წინ რა ელოდება სომხეთს.

“ასეთი პოლარიზაციისა და განსხვავებულობის პირობებში საპარლამენტო მოდელზე გადასვლა ჩავარდნისთვისაა განწირული. ამ დაპირისპირებას  მცირე საგარეო განზომილება აქვს. ეს არ არის რუსეთის ან ევროპის გამო დაპირისპირება. ეს ადგილობრივ პოლიტიკასა და ეკონომიკას უკავშირდება”.

თავად პაშინიანმაც განაცხადა, რომ მომხდარი “სულით ხორცამდე სომხური რევოლუციაა”:

“ამ მომენტიდან ჩვენ სომხეთის მომავალს ვაშენებთ. ბედნიერი და თავისუფალი სომხეთის მომავალს. უკვე ვთქვი, რომ ამ ხავერდოვან რევოლუციაში არ ყოფილა არანაირი საერთაშორისო ჩარევა. ეს სულით ხორცამდე სომხური რევოლუციაა. მიხარია, რომ ბევრმა ქვეყანამ ეს გაიგო”,- ამბობს ის.

მართალია, რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუვრცელებია, თუმცა რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარია ზახაროვა ერევანში გამართული მოვლენების შესახებ ამბობს, რომ რუსეთი სომხეთს ყოველთვის დაუჭერს მხარს.

“ერი, რომელსაც აქვს ძალა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ გაიყოს და შეინარჩუნოს ურთიერთპატივსიცემა, მიუხედავად კატეგორიული უთანხმოებისა, – დიდებული ერია. სომხეთო, რუსეთი მუდამ შენთანაა!” – წერს ზახაროვა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

მიუხედავად ამისა, ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკური ბიოგრაფიიდან არაერთი ინიციატივის გახსენება შეიძლება, რომელიც რუსეთის და სომხეთის ურთიერთოებას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ნიკოლ პაშინიანის ოპოზიციურ ფრაქციას ეკუთვნის ინიციატივა, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გამოსვლას უკავშირდება:

პაშინიანმა ჯერ ინიციატივა დააყენა, რომ შექმნილიყო კომისია, რომელიც სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოყვანის საკითხზე იმსჯელებდა:

“კომისიამ უნდა გასცეს პასუხი შემდეგ შეკითხვას, რა მივიღეთ და რა დავკარგეთ ამ კავშირში გაწევრიანებით და რამდენად შედის ევრაზიული კავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის სტარატეგიულ ინტერესებში”.

სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი 2015 წელს გახდა, სწორედ ამან გამოიწვია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით განხეთქილება. “რადიო თავისუფლება” ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება სომხეთმა რუსეთის ზეწოლით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სომხეთი ამას უარყოფს.

მეორე საკითხი, რომელსაც პაშინიანს ხისტი პოზიცია ჰქონდა, ჯერ კიდევ 2013 წელს დადებული შეთანხმების რატიფიკაციას უკავშირდება, რომელიც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთსა და სომხეთს შორის გაფორმდა. ამ შეთანხმების პირველი პუნქტი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის გადამცემ ქვეყანას აქვს უფლება კონტროლი განახორციელოს სამხედრო ტექნიკის ხელმისაწვდომობასა და გამოყენებაზე და შემსყიდველმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ამისთვის პირობები.

პაშინიანი მიიჩნევდა, რომ ამ შეთანხმებით სომხეთი თმობს მისი სუვერენიტეტის ნაწილს:

“ამ შეთანხმებით რუსეთი 20-25 წლის ვადით გვართმევს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ კი ამას ვხედავთ და ვამბობთ, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ეს ნორმალურია და ასე მიღებულია. რა არის მიღებული?! რის შესახებაა ეს შეთანხმება? რომ რუსეთი უნდა მოვიდეს და გააკონტროლოს, სწორად განვათავსებთ თუ არა “ისკანდერს”, სწორი მიზნისთვის გამოვიყენებთ თუ არა? ეს არის კონტროლის მექანიზმი და შედეგად მივიღებთ იმას, რომ “ისკანდერის” გამოყენებაზე თანხმობა ან უარი რუსეთისგან უნდა მივიღოთ”,- ამბობდა პაშინიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com