ამხანაგური მატჩი. ფოტო: თბილისის მერია

ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩი და გამოუძიებელი რასიზმი

ბელიაშვილის ქუჩაზე გამართული ამხანაგური მატჩი ადგილობრივებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის ფრედ, ანგარიშით 12-12 დასრულდა. მოთამაშეთა და მაყურებელთა რიგებში, როგორც დაანონსებული იყო, ის ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც 8 აპრილს აღნიშნულ ადგილზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ, თუმცა, არასრული შემადგენლობით. როგორც ადგილობრივების, ისე სტუდენტების მხრიდან, დღეს ფეხბურთი მხოლოდ დაპირისპირებაში მონაწილეთა ნაწილმა ითამაშა. ყველა მათგანს თანასწორობის მხარდაჭერის ნიშნად მაისურზე ჰქონდა წარწერა: #EqualGame(თანასწორი თამაში)

კახა კალაძე ამხანაგურ მატჩზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

კახა კალაძე ამხანაგურ მატჩზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

თამაში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე 18:00-ზე დაიწყო. მოთამაშეებს შორის იდეის ავტორი – თბილისის მერი კახა კალაძე იყო, რომლის ინიციატივასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც შეუერთდნენ: მცირეხნიან მატჩში, რომელშიც, როგორც კალაძემ აღნიშნა, “მეგობრობამ გაიმარჯვა”, ისინიც მონაწილეობდნენ.

ამხანაგური მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე 14/04/18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ირაკლი კეკელიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს შეესწრო, გამორიცხავს, რომ მომხდარი რაიმე ფორმით სტუდენტების წარმომავლობასა და კანის ფერს უკავშირდება. მისი თქმით, მატჩი სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოში სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის გამოვლენის ადგილი არ არის.

“რაც მოხდა აქ, არ იყო დაკავშირებული რასიზმთან. ეს იყო სუფთა საყოფაცხოვრებო თემა, სამწუხარო ამბავი მოხდა და ნამდვილად არ არის ლამაზი და გამართლებული ეს ქმედება, თუმცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ნიგერიელების ადგილას ქართველები რომ ყოფილიყვნენ, იგივე მოხდებოდა. მატჩი ჩატარდა იმის დასადასტურებლად, რომ თბილისელები, ქართველები ვართ ტოლერანტები სხვა ეროვნებისა თუ რელიგიის მქონე ადამიანების მიმართ. მომავალშიც მოვლენ ეს ადამიანები, ითამაშებენ და ჩვენც სიამოვნებით შევუერთდებით”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

თანასწორობის მხარდასაჭერად მატჩს დღეს ნიგერიელი ფეხბურთელი ალფრედიც შეუერთდა. ფიქრობს, რომ 1 კვირის წინ მომხდარი ინციდენტი უფრო პერსონალური გარჩევა იყო, ვიდრე რასიზმის გამოვლინება, თუმცა მსგავსი ღონისძიებები მსგავსი მიდგომების აღმოსაფხვრელად მაინც მნიშვნელოვანია.

“მატჩში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს. როცა ინციდენტი მოხდა, მე აქ ვიყავი. ვფიქრობ, ამან[მატჩმა] ყველას, ყველა ქართველს უნდა დაანახოს, რომ ჩვენ ვართ ერთნი და კანის ფერი არ უნდა გვყოფდეს.

ვერ ვიტყვი, რომ 8 აპრილს მომხდარი რასიზმის გამოვლენა იყო.  ხანდახან ხდება ისე, რომ ქართველები ქართველებს ეჩხუბებიან, აფრიკელები აფრიკელებს და ა.შ. ბევრი ქართველი, ისევე როგორც აფრიკელი, სასიამოვნო ხალხია. ისინი ერთ შენობაში, ერთ სართულზეც ცხოვრობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უფრო პერსონალური ამბავი იყო”, – განუცხადა მან “ნეტგაზეთს”.

სტუდენტებს შორის, რომელთაც მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, ბენეტ ნიუზეგეც იყო. ბენეტი მომხდარზე “ნეტგაზეთს” 10 აპრილს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ინციდენტი სწორედ რასობრივი მოტივით იყო გამოწვეული. მანვე გაავრცელა 8 აპრილის ინციდენტის ამსახველი ვიდეოც, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ნეტგაზეთი” შეეცადა, მატჩზე არდასწრების მიზეზები თავად ბენეტისგან მოესმინა, თუმცა ამჯერად მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა. რაც შეეხება მის ადვოკატს, შოთა თუთაბერიძემ აღნიშნულის მიზეზებზე ღიად საუბრისგან თავი შეიკავა; აღნიშნა მხოლოდ ის, რომ “ნებისმიერი ამხანაგური შეხვედრა მისასალმებელია, თუმცა ამან მართლმსაჯულება მეორეხარისხოვანი არ უნდა გახადოს”.

ამხანაგური მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე 14/04/18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მატჩის მიმდინარეობისას თბილისის მერი კახა კალაძე ორივე გუნდში, მონაცვლეობით თამაშობდა. მისი თქმით, 8 აპრილის ინციდენტი ცუდია, მსგავსი შეხვედრები კი – მნიშვნელოვანი.

“ძალიან საინტერესო იყო. ყველამ მიიღო მონაწილეობა – როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისე სტუდენტებმა. ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი, აერთიანებს. ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული ქვეყანა, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის”.

ამხანაგური მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს უცხოელი სტუდენტების მასპინძლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მხრივ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კარგი მასპინძლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში განათლებას იღებენ. მე თვითონ სამი წელი ვსწავლობდი გერმანიაში და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც შენ კარგად გიღებს ის ხალხი, სადაც ცხოვრობ და განათლებას იღებ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ასეთივე გულთბილი მასპინძლობა უნდა დავახვედროთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოში განათლებას იღებენ“, -აღნიშნა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს”, რომელსაც მიაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები, მოცემულ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებისთვის საზიანოა.

“TDI მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები და ინიციატივები ამ ეტაპზე საზიანოა გამოძიების ინტერესებისთვის. მასში ხაზგასმულია შესაძლო დანაშაულის დავიწყების მიზანი და არა ეფექტიანი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა.

ამხანაგური საფეხბურთო მატჩის გამართვის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, მიგვაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა მომხდარი ფაქტი ობიექტურად, დროულად უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაული და რასიზმი მკაფიოდ დაგმობილი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივა მიმართული უნდა იყოს  სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის წახალისებისაკენ”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

რა მოხდა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე?

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც მუშაობს.

შსს-ს განცხადებით, კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექნება სრული სურათი.

უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს, რომელიც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან