ახალი ამბები

პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით 3 პირი დააკავეს – პროკურატურა

13 აპრილი, 2018 • 1856
პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით 3 პირი დააკავეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2012 წლამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დირექტორის ყოფილი მოადგილე  და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ  2012 წლამდე პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

კერძოდ, პროკურატურის განცხდაებით, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში დაწესებულების დირექტორმა, მისმა მოადგილემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა, საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შეიმუშავეს მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები მათი დასჯის, დაშინების და უსიტყვო მორჩილების მიზნით:

“დასახელებულ პირთა ორგანიზებით სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები მსჯავრდებულებს ეპყრობოდნენ დამამცირებლად და არაადამიანურად, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.

ბრალდებულთა ორგანიზებით პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის  არაადამიანურ მოპყრობას ქ.რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2017 წლის 20 ნოემბერს ამავე საქმეზე პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც, პროკურატურის განცხადებით, სწორედ დაკავებულთა ორგანიზებით ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამივე პირმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამ ეტაპისთვის მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა დაკავებაზეც პორკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, მათ წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იძიებს 27 სისხლის სამართლის საქმეს. ყველა აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 2012 წლამდე პერიოდში. ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. გარდა ამისა, ყველა საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა დასრულების შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი