ახალი ამბები

EMC-მ მოხის მეჩეთის საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა

13 აპრილი, 2018 • 1388
EMC-მ მოხის მეჩეთის საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) ადგილობრივი მუსლიმების სახელით მოხის ისტორიული მეჩეთის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. 

ორგანიზაცია კომიტეტს სთხოვს, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ რესტიტუციის დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესაბამისი მუხლების დარღვევის დადგენას.

როგორც EMC-ის განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტის წინაშე დავის მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყვეტის  შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა მითითება, შეიმუშაოს თანასწორობის დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული რესტიტუციის პოლიტიკა, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოს რელიგიურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სამართლიანი მექანიზმის ფუნქციონირება.

მოხეში მდებარე ისტორიული შენობის გადაცემას სახელმწიფოსგან ადგილობრივი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წლის 18 ოქტომბერს  ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი მოჰყვა, რაც პოლიციამ 14 მათგანის დაკავებით შეწყვიტა.

“აღნიშნული მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ შენობის კონფესიურ კუთვნილებაზე პრეტენზია პირველად გამოთქვა. საპატრიარქო შენობის ქრისტიანული წარმომავლობის მტკიცების დროს სხვადასხვა ვერსიას იყენებდა, რომლებიც ვალიდური ისტორიული წყაროებით გამყარებული არ იყო. შესწავლის გარეშე, მხოლოდ საპატრიარქოს დაუსაბუთებელი და ამავდროულად კონტრავერსიული განცხადების საფუძველზე, შენობა მთავრობამ სადავო ნაგებობად მიიჩნია” – ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

ამის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც შენობის კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. თუმცა 2 წლის შემდეგ, 2017 წლის 11 მაისს, კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც უარი თქვა შენობის კონფესიური წარმომავლობის შესწავლაზე, შენობას სადავო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და ადგილობრივ მუსლიმ თემს სოფელში ახალი მეჩეთი აუშენა. მუსლიმი თემის ნაწილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ამ დრომდე აგრძელებს ლოცვას ისტორიული შენობის გვერდით ღია ცის ქვეშ:

“გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე წარდგენილ საჩივარში EMC რესტიტუციასთან (საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნება)  დაკავშირებულ დისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და პოლიტიკას აკრიტიკებს. საჩივარში EMC სოფელ მოხეში ისტორიული შენობის წარმომავლობაზე დავის გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის, როგორც დავის გადაჭრის მექანიზმის არაეფექტიანობაზე უთითებს,” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელწიფოს მიერ სათანადო შესწავლის გარეშე ისტორიული შენობის სადავო ნაგებობად გამოცხადება და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ სამართლებრივი მოწესრიგების გვერდის ავლით პროცესის პოლიტიკური პერსპექტივით გადაჭრის მცდელობა სახელმწიფოს პოლიტიკის თვითნებურობაზე მიუთითებს და სხვა მსგავსი დავების გადაჭრის ნეგატიურ პრეცედენტს ქმნის.

EMC-ში ამბობენ, რომ საჩივარში ორგანიზაცია უფრო ფართოდ მიმოიხილავს რესტიტუციის კუთხით სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარ გამოწვევებს და შეეცდება კომიტეტს პრობლემის სისტემურობა და მისი სოციალური და უფლებრივი ეფექტი აჩვენოს:

“საჩივარში მიმოხილულია მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები. მათ შორის, ოფიციალური რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრობლემა, რაც მოხის „სადავო ნაგებობასთან’’ დაკავშირებით შექმნილი კომისიის საქმიანობაში კარგად გამოჩნდა, როცა ადგილობრივი მუსლიმების ნდობით აღჭურვილი პირების კომისიაში შეყვანა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ დაუშვა და თემი წუხდა, რომ მათი ფორმალური წარმომადგენლები კომისიაში მათ რეალურ საჭიროებებს და მოთხოვნებს არ ატარებდნენ,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე მოსარჩელეები დავობენ პაქტის მე-2 მუხლის პირველი (პაქტში აღიარებულ უფლებების თანასწორად დაცვის ვალდებულება) და მესამე პუნქტების (სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლება), მე-18 (რელიგიის თავისუფლება), 26-ე (თანასწორობის უფლება) და 27-ე (უმცირესობების მათ შორის რელიგიურის დაცვის უფლება) მუხლების  დარღვევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი