ახალი ამბები

რას გულისხმობს საკანონმდებლო წინადადება კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ

13 აპრილი, 2018 • 2154
რას გულისხმობს საკანონმდებლო წინადადება კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ

პარტია “ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ფართო სამუშაო პროცესის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტზე იწყებს მუშაობას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, აღნიშნული კანონპროექტის მთავარი ნაწილი როგორც უწყებებისთვის, ისე მედიასაშუალებებისთვის უფრო მეტი გამჭვირვალობის ვალდებულების დაკისრება იქნება.

როგორც კიკნაველიძე განმარტავს, დღესდღეობით ხშირია, როცა სამინისტროები რიგ პრორუსულ ონლაინ თუ ბეჭდურ გამოცემებს რეკლამის სახით თანხებს ურიცხავენ, რის წინააღმდეგაც ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი მეტი გამჭვირვალობის დაკისრებაა.

ერთადერთი საშუალება არის ე.წ. “მზის სხივი”, ანუ  სამინისტროების მიერ გაწეული ყველა ხარჯის შესახებ მოსახლეობამ უნდა იცოდეს. ეს ვალდებულება მათ დღესაც აქვთ, თუმცა, არ ასრულებენ. მეორე მხრივ, ყველა მედიას, რომელიც რეკლამის სახით სახელმწიფოსგან თანხებს იღებს, უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ გასააჯაროვოს მიღებული თანხა, მისი დამფუძნებლებისა და იქ მომუშავე ჟურნალისტების (ასევე ტექნიკური პერსონალის) სიასთან ერთად.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აქ ვინ მუშაობს და ვინ დააფუძნა ეს ორგანიზაცია. მეორე მხრივ, სახელმწიფო უწყებებმა ყოველთვიურად უნდა გამოაქყვენონ ინფორმაცია, თუ რომელ მედიას მისცეს ფული. ეს არანაირად არ არის მედიის თავისუფლების შეზღუდვა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება გადასახადების გადამხდელების ფულს და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რაში იხარჯება მათი თანხა,” – განმარტავს ირაკლი კიკნაველიძე.

რაც შეეხება სანქციებს, კიკნაველიძის ინფორმაციით, თუ აღნიშნულ რეგულაციას მედია დაარღვევს, მას უბრალოდ აღარ ექნება უფლება მიიღოს რეკლამა, ხოლო უწყებებს აღარ ექნებათ საშუალება, რეკლამა დაუკვეთონ იმ გამოცემებს, რომლებსაც დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებული არ ექნებათ.

“როდესაც სამინისტროებში დასხდებიან და იმსჯელებენ იმის თაობაზე, თუ ვის მისცენ რეკლამა, მათ მოუწევთ იმის შემოწმებაც, აქვთ თუ არა ამ გამოცემებს გამოქვეყნებული შესაბამისი ინფორმაცია, თუ არ ექნებათ, მათ აეკრძალებათ რეკლამის დაკვეთა,” – ამბობს კიკნაველიძე.

არსებობენ საჯარო უწყებები, რომლებიც  ბევრ მედიასაშუალებაში ათავსებენ რეკლამას, მაგალითად, ცესკო წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ზემოხსენებული ვალდებულება მხოლოდ ცესკოს მაგალითზე თითქმის ყველა მედიასაშუალებას გაუჩნდება. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ საჯარო უწყებების კუთხით გარკვეული გამონაკლისები დაწესდეს და, მაგალითად, ცესკოს მიერ დაკვეთილმა რეკლამამ მედიასაშუალებებისთვის მსგავსი ტიპის ვალდებულება არ წარმოშვას. კიკნაველიძის თქმით, ჯერ კანონპროექტი არ არსებობს და იდეის დეტალები დაზუსტებული არ არის.

გარდა მედიის ნაწილისა, “ერვოპული საქართველოს” წინადადება პრორუსულ ფონდებსა თუ ორგანიზაციებსაც ითვალისწინებს.

საქართველოში გვაქვს რამდენიმე ფონდი, რომელიც ღიად ეწევა რუსულ პროპაგანდას. ეს აუცილებლად უნდა შეიზღუდოს და ამის აკრძალვა პირდაპირ შეიძლება. ეს არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას. ამ კანონპროექტით, უცხო ქვეყნის ფულს, რომელიც ისედაც რეგულირებულია ჩვენს ქვეყანაში, დამატებით უფრო მოქნილი მექანიზმი დაარეგულირებს,”- აცხადებს კიკნაველიძე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მომრავლდა კონფერენციები და შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვთ.

ამ მხრივ სახელმწიფო  უნდა იყოს ეფექტური, რომ მათ აღარ შეეძლოთ საქართველოში შემოსვლა. ვინც საქართველოს კანონის დარღვევით შევა აფხაზეთსა და ოსეთში, მათ აღარ უნდა შეეძლოთ საქართველოში შემოსვლა. სწორედ ამ მიმართლებით ჩვენ ვფიქრობთ დისკუსიის დაწყებას და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის შექმნასაც,” – განმარტავს ირაკლი კიკნაველიძე. 

მისივე განცხადებით, ნებისმიერი ორგანოს ანტიპროპაგანდული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა ხისტ და უხეშ გადაწყვეტილებებს, არამედ მეტი გამჭვირვალობის ვალდებულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი