თბილისი სოხუმსა და ცხინვალს ახალ სამშვიდობო ინიციატივებს სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი, 4 აპრილის სხდომა, როგორც მან თქვა, “ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით” დაიწყო.

“ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას”.

საქართველოს პრემიერის განცახდებით, ეს არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო, გაგრძელდება.

“ეს არის, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას”.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

პირველი – გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ ვრცელი დოკუმენტი, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განგვიცხადეს, დღესვე გამოქვეყნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი