ახალი ამბები

ივანიშვილი ეკონომიკურ ზრდაზე: როგორც მოხდება, ისე მოხდება

17 ოქტომბერი, 2013 • • 979
ივანიშვილი ეკონომიკურ ზრდაზე: როგორც მოხდება, ისე მოხდება

“პირველი ორი წელიწადი პოლიტიკანობა იქნებოდა ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბარი, რამეთუ ჩვენ რეალურ შედეგს ჩვენი რეფორმირებით და ჩვენი გადალაგებით ეკონომიკის, ძალიან რთული გასათვლელია, რას მივიღებთ და როგორ მივიღებთ, შეიძლება რაღაც ეტაპზე კიდეც დააზიანოს და რაღაც შეფერხებებიც გამოიწვიოს ამან, მაგრამ არა პოლიტიკანობით დავკავდეთ ჩვენ და პირველსავე წელიწადს გავაოცოთ პროგნოზებით და პროცენტებით, არამედ ჯანსაღი, სწორი ფუნდამენტი, ჩავუყაროთ ეკონომიკას და წლებში მივცეთ მას აღორძინების საშუალება”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

მისი თქმით, ეკონომიკა ძალიან ინერტულია და არ შეიძლება, რომ პირველ ორ წელიწადს საოცრებები მოახდინო. იგი ამბობს, რომ მთავრობა ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახდენს ეკონომიკის გადალაგებას.

 

“მე თავს შევიკავდებდი ეკონომიკური ზრდის პროგნოზისგან 2014 წელს, ამას გააკეთებენ შესაბამისი სამინისტროები. მთავარი ჩემთვის არის არა ის პროგნოზები და ციფრები, რითაც მუდმივად თამაშობდნენ წინა ხელისუფლების შემთხვევაში, არამედ ჯანსაღი ეკონომიკური პროცესი ჩამოყალიბდეს საქართველოში, შეიქმნას ის გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას და ჩემი ძალისხმევა აქეთ არის მიმართული და ჩვენ ამ მხრივ სწორ ნაბიჯებს ვაკეთებთ”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

პრემიერი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა:

 

“როგორც მოხდება, ისე მოხდება, რამდენი პროცენტიც იქნება წელს, იმდენი იქნება, რამდენიც იქნება შემდეგ წელიწადს, იმდენი იქნება. მაგრამ ეს იქნება სწორად გაკეთებული ეკონომიკით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი