ახალი ამბები

“თანასწორობის ინსტიტუტის” აქცია-პერფორმანსი “ნაცმოძრაობის” ოფისში

16 ოქტომბერი, 2013 • • 965
“თანასწორობის ინსტიტუტის” აქცია-პერფორმანსი “ნაცმოძრაობის” ოფისში

“აქციაზე ორი მოთხოვნა გაჟღერდა: პირველი – “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა წარმოედგინა უარყოფა იმ ფაქტისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 წელია მუშაობს რუსეთის უშიშროებაში და აქვს ოფიცრის წოდება, მაშასადამე, ოკუპაციის პერიოდში ხელს უწყობს ოკუპანტ სახელმწიფო რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიები დაიპყროს. ამაზე ჩვენ პასუხი არ მივიღეთ. აგრეთვე, “თანასწორობის ინსტიტუტს” შეაქვს კანონპროექტი პარლამენტში იმის შესახებ, რომ ამ ორგანოში გენდერული თანასწორობა არსებობდეს და [დეპუტატების] ადგილების 50 პროცენტი ეკავოთ ქალებს. “ნაცმოძრაობამ” გენდერული თანასწორობის პროექტი ორჯერ ჩაშალა მისი მმართველობის პერიოდში და ამის მიზეზი გახდა ის, რომ ისინი ომით იყვნენ გატაცებული”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში ირაკლი კაკაბაძე, “თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელი და აქციის ერთ–ერთი მონაწილე.

 

კაკაბაძის განცხადებით, საუბარი არ არის იმაზე, რომ სააკაშვილი რუსეთის უშიშროების აგენტია, თუმცა მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საბჭოთა უშიშროებაში მუშაობდა, ასევე, მინიჭებული ჰქონდა ოფიცრის წოდება და აინტერესებთ, აქვს თუ არა ნაცმოძრაობას იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტი ამ უწყებაში აღარ მუშაობს. კითხვას, საიდან აქვთ მათ ასეთი ინფორმაცია და რაზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ სააკაშვილი რუსეთის უშიშროების ოფიცერი იყო, კაკაბაძე პასუხობს, რომ ერთ–ერთ გაზეთში გამოქვეყნდა სააკაშვილის ძველი ფოტო, სადაც მას შესაბამისი სამხრეები უკეთია. მისივე თქმით, არსებობს სხვა დოკუმენტებიც:

 

“დღეს ჩვენ შევხვდით მიშა მაჭავრიანს, რომელმაც ვერ წარმოგვიდგინა ვერავითარ დოკუმენტი ამ ინფორმაციის უარსაყოფად”.

 

კაკაბაძის განცხადებით, მან გიორგი ყავლაშვილთან ერთად, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში წაიკითხა ანტონინ მარტოს პიესის, Courage in the Caucasus ნაწყვეტი. მისი თქმით, ეს პიესა სიმბოლურად კარგად გამოხატავს იმ მილიტარისტულ პოლიტიკას, რომელიც სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ აწარმოა.

 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც თანასწორობის ინსტიტუტის აქცია–პერფომანსი დასრულდა, თუმცა კაკაბაძის მტკიცებით, “ნაცმოძრაობის ზონდერბრიგადა” ინსტიტუტის წარმომადგენლებს ხელით შეეხო:

 

“მიდიოდა ძალადობა ლექსის მკითხველ მოქალაქეებზე, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, უბრალოდ, ოფისში იდგნენ და ლექსებს კითხულობდნენ”.

 

კაკაბაძის თქმით, პოლიციას არავინ დაუკავებია და მხარეთა დაშორიშორება განახორციელა.

 

ნაციონალურ მოძრაობაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ განუცხადა, ისინი ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან.

 

თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლები ნაცმოძრაობის ოფისთან ავტობუსით მივიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი