ახალი ამბები

კალაძე პირობას დებს, რომ ხუდონჰესის გამო საფლავები და ეკლესია არ დაიტბორება

15 ოქტომბერი, 2013 • • 1007
კალაძე პირობას დებს, რომ ხუდონჰესის გამო საფლავები და ეკლესია არ დაიტბორება

“მოხდება საფლავების გადასვენება, პირადად მე ვიღებ ამის პასუხისმგებლობას. ის საფლავებიც კი, რომელსაც არ ჰყავს ჭირისუფალი, ჩვენ ვუპატრონებთ,”- განაცხადა კახი კალაძემ ტელეკომპანია ტვ3-სთან საუბარში.

 

მისივე თქმით, არ დაიტბორება ეკლესია და მისი გადატანა მოხდება იქ, სადაც მოსახლეობა ისურვებს.

 

როგორც კალაძე ამბობს, ეკლესიის საკითხზე სახელწმიფოს ჯერ არ ჰქონია მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან, ვინაიდან არ არსებობს ამ ეტაპზე განსახლების გეგმა. 

 

ენერგეტიკის მინისტრის თქმითვე, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დანაპირები, რომ ქვეყანაში გიგანტური ჰესები არ აშენდება, იმის გამო ვერ სრულდება, რომ ლაშა ჩხარტიშვილს (“ქართული ოცნების” გარემოს დაცვის პროგრამის ავტორს) არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ.

 

“ჩვენ დაგვხვდა სულ სხვა რეალობა ამ სფეროში. როცა მოვედით, დავიწყეთ ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე. გვაქვს პრეტენზია, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ორციფრიან ნიშნულამდე გავზარდოთ. დავარწმუნებთ ხალხს, რომ ეკონომიკური სარგებელი ექნება ამ პროექტს,”- აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

 

კალაძის თქმით, ის ჰიდრორესურსი, რომელიც “ღმერთმა მოგვცა, რაციონალურად უნდა იყოს ათვისებული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი