ახალი ამბები

რელიგიათა საბჭო: შეშფოთებას გამოვხატავთ ჟურნალისტებზე “ქართული მარშის” თავდასხმის გამო

23 მარტი, 2018 • 1984
რელიგიათა საბჭო: შეშფოთებას გამოვხატავთ ჟურნალისტებზე “ქართული მარშის” თავდასხმის გამო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რუსთავი 2-ის შენობასთან “ქართული მარშის” საპროტესტო აქციას ეხმაურება, რომლის დროსაც “ქართული მარშის” წევრები თავს დაესხნენ მანქანას, რომელშიც ჟურნალისტი გიოგი გაბუნია იჯდა.

“გვსურს გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება 19 მარტს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე “ქართული მარშის” თავდასხმის გამო. საქართველოში, უკვე მრავალი წელია, “რელიგიური გრძნობების” ირგვლივ პერიოდულად იწყება კამათი და მსჯელობა, მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები და, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ფიზიკურ თავდასხმებსაც კი,” – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. 

მათივე თქმით, ისეთი მოვლენის, როგორიცაა რელიგიური გრძნობა (ასეთის არსებობის დაშვების შემთხვევაში), შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის საგანგაშო ამბავი უნდა იყოს.

“ჩვენც, რელიგიების წარმომადგენლები, ვგმობთ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფენომენის – რელიგიის ძალადობრივად წარმოჩენას, რომელიც თითქოსდა რელიგიის დასაცავად, ადამიანის დაშინებით, დევნითა და შეურაცხყოფით გამოიხატება,” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

მათივე თქმით, საბჭოსთვის, როგორც რელიგიური თემების წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის ჯანსაღი მიმართულებით განვითარება:

“რაც ვერ მოხდება ვერც ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის პირობებში და ვერც დემოკრატიის უდიდესი მონაპოვრის – სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე,”

წერილის ბოლოს, რელიგიათა საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი უწყებები სამართლიანად განსჯიან და საქართველოში გამოხატვის თავისუფლება კვლავ გარანტირებული იქნება.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
  • სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანელები)
  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  • ართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველო
  • სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია.
  • ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია.
  • სომხური კათოლიკე ეკლესია
  • ეზიდთა სასულიერო საბჭო
  • ევანგელურ ლუთერული ეკლესია
  • საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “ხსნის არმია”
  • ევანგელური ეკლესია “ურყევი საფუძველი
  • მეგობართა საზოგადოება “კვაკერები”
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • საქართველოს სვედენბორგიანული საზოგადოება

“ქართული მარშის” წევრებმა ტელეკომპანიასთან აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქრისტეს შესახებ იხუმრა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ აქციაზე დაკავებულ 5 ადამიანს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობაში ედება ბრალი, რაც 2–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი