ახალი ამბები

“ასეთი პრაქტიკა არ გვქონია” – სანდრო ბრეგაძე კლინიკაში რჩება

21 მარტი, 2018 • 61042
“ასეთი პრაქტიკა არ გვქონია” – სანდრო ბრეგაძე კლინიკაში რჩება

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე კვლავ საავადმყოფოში რჩება იმის მიუხედავად, რომ ექიმები საავადმყოფოში მის დარჩენას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

ღუდუშაურის კლინიკიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ბრეგაძემ კიდევ ერთხელ ჩაიტარა გამოკვლევები, თუმცა მისი სუბიექტური ჩივილები კვლევებით არ დადასტურდა. ექიმებმა მას უთხრეს, რომ კარგადაა და სტაციონარში ყოფნა არ სჭირდება.

“წევს, კიდევ ჩაუტარდა გამოკვლევა,  სუბიექტური ჩივილები კვლევებით არ დასტურდება. თუმცა თავად აცხადებს, რომ არაა კარგად და ურჩევნია, იყოს კლინიკაში”, – განგვიცხადეს კლინიკიდან.

გამოკვლევების მიხედვით ბრეგაძე ჯანმრთელია, ამის მიუხდავად ღუდუშაურში ამბობენ, რომ მას კლინიკის დატოვებას ვერ აიძულებენ, თუმცა ასე სადამდე გაგრძელდება, არ იციან.

“ვერ გეტყვითმ რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს. უსასრულოდ ეს ვერ გაგრძელდება, არც მას არ მოუნდება, სავარაუდოდ. ასეთი პრაქტიკა არ გვქონია”, – აცხადებენ კლინიკაში.

სანდრო ბრეგაძის დიაგნოზი – ქართული მარშის ვერსია

როგორც ე.წ. ქართული მარშის პრესსამსახურმა გვაცნობა, სანდრო ბრეგაძეს აღენიშნებოდა მცირეოდენი დაზიანებები და პერანგი ჰქონდა შემოხეული. მისი თქმით, მოძრაობის ლიდერზე შსს-ში დაკითხვის დროს იძალადეს და მიაყენეს შეურაცხყოფა:

“უბრალოდ, კვალი არ აღენიშნება. თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ექიმები შსს-ს წინააღმდეგ ვერ წავლენ და იტყვიან იმას, რაც სურს სამინისტროს.”

კითხვაზე, თუ რა არის კონკრეტული დიაგნოზი, ე.წ. ქართულ მარშში გვპასუხობენ:

“გადასხმას უკეთებენ, შეუძლოდ იყო. ბატონ სანდროს ისედაც გული აწუხებდა, ეს ზუსტად ვიცით. თავისი ჯგუფიდან ამდენი ახალგაზრდა ბიჭი დაკავებულია და ალბათ ამიტომ გახდა ძალიან შეუძლოდ.”

ე.წ. ქართული მარშის პრესსამსახურის თქმით, ამ დროისთვის თვითონ სანდრო ბრეგაძეს არ შეუძლია მედიასთან საუბარი.

“ბატონ სანდროს არ შეუძლია ახლა საუბარი. ბატონი სანდრო როდესაც იქნება უკვე ისე, რომ გაგესაუბროთ, მე თვითონ დაგაკავშირებთ,” – განგვიცხადა მოძრაობის პრესსამსახურმა.

მოკლედ:

სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით მივიდა, როგორც ექიმებს განუცხადა, ჰქონდა “გულყრები”, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახა და კლინიკაში მივიდა.

ექიმებმა გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ ბრეგაძეს არ ჰქონდა გარეგნული დაზიანებები და ნევროლოგიური მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მან მაინც საავადმყოფოში დარჩენა არჩია.

“ქართული მარშის” წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრეგაძეს პოლიციამ სცემა, რაც არ დაადასტურეს შსს–ში. პოლიციას ბრეგაძის დაკითხვა სურს “რუსთავი 2″–თან 19 მარტს გამართული აქციის თაობაზე.

“ქართული მარშის” წევრებმა ტელეკომპანიასთან აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქრისტეს შესახებ იხუმრა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ აქციაზე დაკავებულ 5 ადამიანს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობაში ედება ბრალი, რაც 2–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე გირჩევთ

ბრეგაძე ღუდუშაურიდან გაწერეს და პოლიციაში დაკითხვაზე ელოდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი