ახალი ამბები

ბრეგაძე ღუდუშაურიდან გაწერეს და პოლიციაში დაკითხვაზე ელოდებიან

21 მარტი, 2018 • 4053
ბრეგაძე ღუდუშაურიდან გაწერეს და პოლიციაში დაკითხვაზე ელოდებიან

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაეწერა. ამის შესახებ ნეტგაზეთს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ სანდრო ბრეგაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით მივიდა, როგორც ექიმებს განუცხადა, ჰქონდა “გულყრები”, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახა და კლინიკაში მივიდა.

ექიმებმა გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ ბრეგაძეს არ ჰქონდა გარეგნული დაზიანებები და ნევროლოგიური მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მან მაინც საავადმყოფოში დარჩენა არჩია.

“ქართული მარშის” წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრეგაძეს პოლიციამ სცემა, რაც არ დაადასტურეს შსს–ში. პოლიციას ბრეგაძის დაკითხვა სურს “რუსთავი 2″–თან 19 მარტს გამართული აქციის თაობაზე.

“ქართული მარშის” წევრებმა ტელეკომპანიასთან აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქრისტეს შესახებ იხუმრა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ აქციაზე დაკავებულ 5 ადამიანს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობაში ედება ბრალი, რაც 2–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი