იშვიათი გენიოსი – ჰოკინგის 76-წლიანი ცხოვრება და წვლილი მეცნიერებაში

“ვიხსენებთ სტივენ ჰოკინგს, სახელგანთქმულ ფიზიკოსსა და მეცნიერების ელჩს. მისმა თეორიებმა გახსნა შესაძლებლობების სამყარო, რომელსაც ჩვენ და დანარჩენი მსოფლიო ვიკვლევთ. დაე, იფრინე სუპერმენივით მიკროგრავიტაციაში, როგორც ეს 2014 წელს კოსმოსურ სადგურზე  უთხარი ასტრონავტებს” – ასე გამოეხმაურა NASA თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეცნიერის, ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის გარდაცვალებას. ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა მას “თანამედროვე კოსმოლოგიის კაშკაშა ვარსკვლავი” და “იშვიათი გენიოსი უწოდა”. შვილების ინფორმაციით, მეცნიერი 14 მარტს, 76 წლის ასაკში, კემბრიჯში გარდაიცვალა.

ახალგაზრდობა

სტივენ ჰოკინგი ბავშვობისას. ფოტო: www.thevintagenews.com

სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში, დაიბადა. მისი მშობლები – ფრენკ და იზობელ ჰოკინგები ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში შეხვდნენ. ორივემ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ფრენკი მედიცინის მიმართულების მკვლევარი იყო, იზობელი კი ფილოსოფიას, ეკონომიკასა და პოლიტიკას სწავლობდა. ისინი ერთმანეთს ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში შეხვდნენ და მალევე დაქორწინდნენ. სტივენი როცა დაიბადა, ოჯახი ოქსფორდს აფარებდა თავს, რათა თავი დაეღწიათ დაბომბვისგან. ამ დროს მეორე ევროპაში მსოფლიო ომი მძვინვარებდა.

სტივენ ჰოკინგი ბავშვობისას. ფოტო: www.thevintagenews.com

სხვადასხვა დროს სტივენი ლონდონსა და სენტ ალბანში იზრდებოდა. მამამისი ერთ-ერთ ლაბორატორიაში პარაზიტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ჰოკინგებს განათლებულ, ექსცენტრულ ოჯახად მიიჩნევდნენ, სადაც განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

სტივენ ჰოკინგმა 11 წლის ასაკში სწავლა მამის ძველ სასწავლებელში, ოქსფორდში მდებარე University College-ში გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკ ჰოკინგს სურდა, შვილს მედიცინის მიმართულებით ესწავლა, სტივენმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესის სფერო მათემატიკა უფრო იყო. თუმცა University College-ში ამის შესაძლებლობა არ იყო, რის გამოც სტივენმა ფიზიკის შესწავლა დაიწყო და სამ წელიწადში თავისი პირველი ხარისხიც მიიღო. როგორც ბრიტანული მედია წერს, სტივენ ჰოკინგი ბავშვობიდანვე მცირე დროს ხარჯავდა სწავლაში, რადგან რთული ამოცანების შესრულებასაც კი უმოკლეს დროში ახერხებდა. მიუხედავად არასახარბიელო აკადემიური მოსწრებისა, ის სკოლაში “აინშტაინის” მეტსახელით იყო ცნობილი, რადგან მეგობრებთან და თავის მასწავლებელთან ერთად მცირე მასშტაბის გამოგონებებით იყო დაკავებული.

სამცენიერო მოღვაწეობა

სტივენ ჰოკინგმა თავისი კვლევის ჩატარება კოსმოლოგიაში 1962 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის დეპარტამენტში გადაწყვიტა. 1966 წელს შექმნა სადოქტორო ნაშრომი, სახელწოდებით “სამყაროს გაფართოების შესაძლებლობა”. წლების შემდეგ ამ ნაშრომისადმი მსოფლიოში იმდენად გაიზარდა ინტერესი, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტმა, მეცნიერის თანხმობით, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

სტივენ ჰოკინგი

სტივენ ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარ მიზანს გრავიტაციის, შავი ხვრელებისა და ე.წ. დიდი აფეთქების თეორიების კვლევა და შესწავლა წარმოადგენდა.

ჰოკინგმა მეცნიერ როჯერ პენროუსთან ერთად ახსნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, დროსა და სივრცეს აქვს განსაზღვრული დასაწყისი და დასასრული. ამის საფუძველზე ჰოკინგმა შეიმუშავა თეორია, რომელიც ამბობს, რომ შავი ხვრელები სინამდვილეში სულაც არ არის შავი, ისინი ასხივებენ რადიაცას და შემდეგ უკვალოდ ქრებიან. გრავიტაციისა და შავი ხვრელების საკითხის კვლევას სტივენ ჰოკინგმა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. მისი წიგნები მსოფლიო ბესტსელერები გახდა, თავად კი, უზომოდ პოპულარული. ის არაერთი უნივერსიტეტის პროფესორი იყო და ბოლო დრომდე კითხულობდა ლექციებს.

სტივენ ჰოკინგს ჰქონდა უნარი, მათემატიკური გამოთვლებისა და პრაქტიკული ცდების გარეშე აეხსნა უმნიშველოვანესი ასტროფიზიკური პროცესები.

ავადმყოფობა

სტივენ ჰოკინგის სამეცნიერო მიღწევები კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჩანს იმის ფონზე, თუ რა ფიზიკურ მდგომარეობაში უწევდა ამის გაკეთება. 21 წლის იყო, როდესაც უმძიმესი ნევროლოგიური დაავადების – ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. აღნიშნული დაავადება დროთა განმავლობაში სხეულის ყველა კუნთის პარალიზებას იწვევს და ადამიანები ვეღარ ახერხებენ არა მარტო გადაადგილებას, არამედ კვებასა და სუნთქვასაც კი. თუმცა ეს დაავადება არ აფერხებს გონებრივ განვითარებასა და აზროვნებას.

სტივენ ჰოკინგი რომის პაპ ბენედიქტ მე-16-სთან ერთად ვატიკანში, ევოლუციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 2008 წელს. ფოტო: EPA/L’OSSERVATORE ROMANO

აღმოჩნდა, რომ ჰოკინგს დააავდების ნელად პროგრესირებადი ფორმა ჰქონდა, თუმცა დიაგნოზის დასმისას ექიმებმა უთხრეს, რომ მხოლოდ ორ წელს იცოცხლებდა. ეს ასე არ მოხდა.

1985 წელს ყელზე ჩატარებული ოპერაციის გამო სტივენ ჰოკინგმა საუბრის უნარი დაკარგა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. სიკვდილის ბოლომდე ის ელექტროეტლით გადაადგილდებოდა, აზრების გადმოსაცემად კი სპეციალურ კომპიუტერს (სინთეზატორს) იყენებდა. სწორედ ამ სინთეზატორის გამოყენებით ატარებდა საჯარო ლექციებს.

პირადი ცხოვრება

დიაგნოზის დასმიდან მალევე, 1965 წელს, სტივენი ჯეინ ვაილდზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი ეყოლათ. ჯეინის როლი სტივენის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო – ის ზრუნავდა ოჯახზე, ბავშვებზე, ქმრის ჯანმრთელობაზე. ეს განსაკუთრებით უარყოფითად აისახა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჯეინი დეპრესიით იტანჯებოდა.

სტივენ ჰოკინგი და ჯეინ ვაილდი ახალგაზრდობისას. ფოტო: www.thevintagenews.com

1999 წელს ჯეინმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოაქვეყნა, სადაც წერდა დეპრესიაზე, რომლითაც სტივენის დააავდების პროგრესირების პარალელურად იტანჯებოდა. ის ირონიულს უწოდებდა იმ ფაქტს, რომ ათეისტ სტივენთან ცხოვრების ძალას ქრისტიანული რწმენა აძლევდა. წყვილი 1990 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდა, 1995-ში კი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. მიუხედავად ამისა, ჯეინ ვაილდი სტივენ ჰოკინგის მხარდაჭერას შემდეგ წლებშიც განაგრძობდა.

სტივენ ჰოკინგი პირველ ცოლ ჯეინთან (მარცხნივ) და შვილ ლუსისთან (მარჯვნივ) ერთად 2015 წელს, BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე. ფოტო: EPA/FACUNDO ARRIZABALAGA

ეტლს მიჯაჭვულ მეცნიერს არ გასჭირვებია ახალი სიყვარულის პოვნა. მას ერთ-ერთი თავისი მომვლელი ელაინ მეისონი  შეუყვარდა. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა.

2000-იანი წლების დასაწყისში ჰოკინგის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების გამო ახლობლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ, შესაძლოა, ის ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა გამოძიება ისე შეწყდა, ამის შესახებ ვერაფერი დაადგინა. სტივენი მეორე ცოლს 2006 წელს დაშორდა.

სტივენ ჰოკინგი მეორე ცოლთან, ელაინთან ერთად. 2005 წელი. ფოტო: EPA/BORIS ROESSLER *** Local Caption *** 00000400843769

ჯეინ ჰოკინგის ავტობიოგრაფიულ რომანზე დაყრდნობით 2014 წელს სტივენ ჰოკინგზე გადაიღეს ფილმი “ყველაფრის თეორია”.

ცენტრში: სტივენ ჰოკინგი. მარცხნიდან: მსახიობი ფელისტი ჯონსი (სტივენის ცოლის როლის შემსრულებელი), ჯეინ ვაილდ ჰოკინგი (სტივენის ცოლი) და მსახიობი ედი რედმეინი (სტივენის როლის შემსრულებელი). ლონდონი, 2014. ფოტო: EPA/FACUNDO ARRIZABALAGA

სტივენ ჰოკინგის როლის შემსრულებელმა ედი რედმეინმა მთავარი როლის შესრულებისთვის 2015 წელს ოსკარი მიიღო. გარდა ამისა, ფილმმა სხვა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო კონკურსებზე.

ხელოვნური ინტელექტი, კაპიტალიზმი და სამყაროს აღსასრული

გარდა თავის სამეცნიერო თეორიებზე საუბრისა, სტივენ ჰოკინგმა მსოფლიოს არაერთი ხმაურიანი საჯარო განცხადებით დაამახსოვრა თავი. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ატარებდა საჯარო ლექციებს და სიტყვით გამოდიოდა კონფერენციებზე, საუბრობდა მედიასთან.

მეცნიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში BBC-ის უთხრა, რომ ხელოვნური ინტელექტის უფრო მაღალ დონეზე განვითარება კაცობრიობის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. როგორც პროფესორი ამბობს, ხელოვნური ინტელექტის პრიმიტიულ დონეზე განვითარებამ აჩვენა, რომ ის, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს, მაგრამ თუ მათი განვითარების დონე ადამიანისას გაუთანაბრდება, ან გადააჭარბებს, ისინი კაცობრიობას შეავიწროებენ.

სტივენ ჰოკინგი NASA-ში, კენედის კოსმოსურ სადგურზე, სადაც მან სპეციალურად მოწყობილ გარემოში უწონადობა გამოსცადა. ფოტო: Jim Campbell/Aero-News Network

სტივენ ჰოკინგმა ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით, ინტერნეტი ტერორისტთა ხელში, შესაძლოა, ერთგვარი მართვის ცენტრი აღმოჩნდეს და სწორედ ამიტომ, საკომუნიკაციო კომპანიები უნდა შეეწინაღმდეგონ ამას ისე, რომ არ შეზღუდონ სიტყვისა და პირადი ცხოვრების უფლება.

სტივენ ჰოკინგი პრობლემად მიიჩნევდა მსოფლიოში სიმდიდრის არათანაბარ გადანაწილებას, რასაც, მისი თქმით, ტექნოლოგიური პროგრესიც უწყობს ხელს. მისი თქმით, კორპორაციების მდიდარი მფლობელები სულ უფრო აქტიურად ჩაანაცვლებენ ადამიანთა სამუშაო ადგილებს ავტომატიზებული სისტემებით, რის შედეგადაც, თავიანთ დანახარჯს კიდევ უფრო შეამცირებენ, მოგებას კი გაზრდიან. ეს უარყოფითად აისახება იმ ადამიანთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც ამის გამო სამუშაო ადგილებს დაკარგავენ. მეცნიერის აზრით, კაცობრიობისთვის კაპიტალიზმი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რობოტები.

სტივენ ჰოკინგი აცხადებდა, რომ კაცობრიობა დედამიწაზე კიდევ ათას წელს იარსებებს. თუმცა, მოგვიანებით,  ეს ვადა 100 წლამდე შეამცირა. ჰოკინგის თქმით, ადამიანთა უხეში ჩარევა შეუქცევად კლიმატურ ცვლილებებსა და კაცობრიობის დაღუპვას გამოიწვევს. ის მკაცრად აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რომელსაც კლიმატის ცვლილების არ სჯერა. ასტროფიზიკოსის მოსაზრებით, კაცობრიობის გადაშენებაში დამატებითი ფაქტორები შეიძლება გახდეს პლანეტის მოსახლეობის განუზომელი მატება, ეპიდემიები და ბირთვული ომიც კი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.