მანქანების კატალიზატორების ქურდობის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში მანქანების კატალიზატორების ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ფეისბუკ ჯგუფში TOYOTA PRIUS HYBRID CLUB GEORGIA OFFICIAL წერენ, კატალიზატორების ქურდობა თბილისის მასშტაბით დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. “ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისში ათიოდე შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც გამოძიება 117-ე , ქურდობის, მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ისჯება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ფეისბუკ ჯგუფის ერთ-ერთ წევრსა და მძღოლს, რომელიც ყვება, რომ კატალიზატორის მოპარვა მან თავიდანვე ვერ შეამჩინა.

მოპარული კატალიზატორი . ფოტო: გიორგი კამაკიძე

“დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვნახულობდი პოსტებს, რომ ამა თუ იმ მანქანას კატალიზატორი მოპარეს. გუშინ საღამოს შევამოწმე ჩემი მანქანაც, უბრალოდ, მაინტერესებდა, ჩემსასაც ხომ არ მოპარეს რომელიმე ნაწილი. აღმოჩნდა, რომ კი. ჩემი ვარაუდით, ქურდობა ღამის საათებში მოხდა,” – აცხადებს ის.

მისივე თქმით, მანქანის სისტემამ, რომელსაც უნდა გაეფრთხილებინა კატალიზატორის გაქრობის შესახებ, გაურკვეველი მიზეზების გამო არ იმუშავა.

“რამდენადაც ვიცი, თვითონ ეს კატალიზატორი რაღაც ნივთიერებას შეიცავს, რომლის გაყიდვაც საკმაოდ ძვირად შეიძლება. თუმცა, ეს ასეც რომ არ იყოს, თავად კატალიზატორიც საკმაოდ ძვირი ღირს,” – გვიყვება მძღოლი.

როგორც TOYOTA PRIUS HYBRID CLUB GEORGIA OFFICIAL ჯგუფში წერენ, კატალიზატორი დაახლოებით 600-650 ლარამდე შეიძლება ღირდეს.

კატალიზატორი არის მოწყობილობა, რომელიც მანქანაში ძრავსა და მაყუჩს შორის არის დამონტაჟებული. როდესაც საწვავის გარკვეული ნაწილაკები ბოლოდე არ იწვება, ისინი ატმოსფეროში გამოიფქრვევა. კატალიზატორი კი მათ ფილტრაციას ახდენს, განმეორებითი დაწვის შედეგად, ამ ნაწილაკებს აგრეგატი თვითონ წვავს.

ის ავტომობილები, რომლებსაც კატალიზატორი არ აქვთ, სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას ვერ გავლიან და მის მფლობელებს აუცილებლად მოუწევთ ამ ნაწილის ყიდვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან