ადა მარშანია ადასტურებს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ცხინვალში ჩავიდა

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ მათი პარტიის წევრი, კონსტანტინე მორგოშია ცხინვალში იმყოფება.

კითხვაზე, რა მიზნით ჩავიდა მორგოშია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ვის ხვდება და რა საკითხზე, ადა მარშანია გვპასუხობს: “ვერ გეტყვით, მთავარია შედეგიანად დამთავრდეს”.

კონსტანტინე მორგოშია ამავე დროს “ქართული მარშის” წევრია.

რუსთავი 2-ის ცნობით, მოლაპარაკების მთავარი თემა, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქის ახალგორის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი