ახალი ამბები

რეზოლუციის ორი პროექტი ტატუნაშვილის საქმეზე – რას ითხოვენ პარლამენტარები

7 მარტი, 2018 • 2171
რეზოლუციის ორი პროექტი ტატუნაშვილის საქმეზე – რას ითხოვენ პარლამენტარები

პარლამენტში ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ორი რეზოლუციის პროექტი არსებობს, ერთი უმრავლესობამ წარადგინა, მეორე – უმცირესობამ. პარლამენტარები შეთანხმდენ, რომ საერთო რეზოლუციის ტექსტის მისაღებად მუშაობას გააგრძელებენ.

6 მარტს გამართულ სხდომაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა, პარლამენტარებმა სწორედ რეზოლუციის ტექსტებზე იმსჯელეს:

რა წერია უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მკაცრად გმობს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას და სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ასევე, გმობს გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფას.

პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას:

[checklist]

  • უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე;
  • შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები;
  • შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და ეფექტიანად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში;
  • უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

[/checklist]

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, პარლამენტი ასევე მოუწოდებს საერთაშორის თანამეგობრობას, მიიღოს ზომები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსაცემად და ასევე იმისთვის, რომ  ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცეთ; ასევე, მიიღოს ზომები, რათა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ქართული მხარის მიერ ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება, მათ შორის, საერთაშორისო აქტორების ჩართულობით. პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაუშვან ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება.

რა წერია უმცირესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში

უმცირესობის მიერ შედგენილი ტექსტი სანქციების დაწესებასაც გულისხმობს, კონკრეტულად კი მთავრობას მოუწოდებს, რომ:

[checklist]

  • შეადგინოს და გამოაქვეყნოს საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების სია, რომელსაც ეწოდება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • დააყადაღოს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისათვის. ამასთან, ეთხოვოთ შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, აღნიშნულ პირებს არ მიეცეთ ქონების გადაადგილების თუ შეძენის და, ასევე, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება მათ ტერიტორიებზე/მათ მიერ კონტროლირებად სივრცეებში;
  • სთხოვოს საქართველოს პარტნიორებს, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანილ პირებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები;
  • “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მოხვედრილ პირებს აუკრძალოს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის დაწესებული შეღავათებითა და უფასო სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.

[/checklist]

რას ფიქრობენ დეპუტატები

უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის პროექტი კომიტეტზე არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ ინიცირებულია პარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც, ერთი მხრივ, მკაცრი შეფასება ეძლევა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, ასევე ხელმეორედ, ძალიან მკაცრი შეფასებები ეძლევა გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს.

მისი განცხადებითვე, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო დონეზე დააყენებს საკითხს მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ იქნება სათანადო პასუხები გაცემული და არ იქნება სათანადო რეაგირება. თალაკვაძის თქმით, უმრავლესობის მიზანია, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღოს ერთი ძლიერი რეზოლუცია, სადაც იქნება შეფასებებიც და იქნება მოთხოვნილი კონკრეტული რეაგირებაც. იგი ასევე ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტის შეჯერების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, ყველა ერთად უნდა დადგეს და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები პარტიული თემა არ არის და ეს ის საკითხია, რომელსაც სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მზადაა კონსულტაციებისათვის როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე, სხვა ფრაქციებთან.

“ჩვენ მზად ვართ საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის ტექსტი, მაგრამ აუცილებლად გვეჩვენება, ამ ტექსტს დაემატოს სანქციების და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ელემენტი. ამ ფარგლებში დავიწყეთ კონსულტაციები,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ცნობით, რეზოლუციის პროექტის თაობაზე კონსულტაციები დაწყებულია და მანამდე გაგრძელდება, სანამ შეჯერებულ ვარიანტს არ მიიღებენ.

[red_box]არჩილ ტატუნაშვილის საქმე[/red_box]

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორის კიბიდან დაგორდა. 23 თებერვალს კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას 26 თებერვალს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირები, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, გათავისუფლებული არიან, თუმცა მათ პირადობის მოწმობა და ე.წ. პროპუსკი ჩამოართვეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი