ახალი ამბებისაზოგადოება

ინტერნეტიდან ინფორმაციის მიმღებთა უმრავლესობა არ თვლის, რომ რუსეთი აშშ-ზე ძლიერია

9 მარტი, 2018 • 2554
ინტერნეტიდან ინფორმაციის მიმღებთა უმრავლესობა არ თვლის, რომ რუსეთი აშშ-ზე ძლიერია

NDI/CRRC-ის კვლევების თანახმად, ტელევიზია საქართველოში კვლავაც დომინანტური მედიაა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის პირველ წყაროდ ინტერნეტს/ფეისბუკს იყენებს.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ტელევიზიის მაყურებლებსა (პირველი წყარო) და ინტერნეტის მომხმარებლების მოსაზრებებს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

[red_box]რუსეთი, ნატო, ევროკავშირი[/red_box]

მაგალითად:

ალბათ ბევრი გაიხსენებს NDI/CRRC-ის ბოლო კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიან მონაცემს, რომლის მიხედვითაც, როგორც გაირკვა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ზე ძლიერი ქვეყანა ეგონა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხს ინფორმაციის წყაროების ჭრილში შევხედავთ?

იმავე NDI/CRRC-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72% ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ ტელევიზიას ასახელებს, ხოლო ინტერნეტს/ფეისბუკს – 21%. რაც შეეხება უშუალოდ იმ შეკითხვას, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით აშშ VS რუსეთს ეხება, ტელევიზიის მომხმარებელთა 44%, ანუ უმეტესობა თვლის, რომ რუსეთს აშშ-ზე ძლიერი შეიარაღება აქვს. ასე არ ფიქრობს იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ინფორმაციის მთავარ წყაროდ ინტერნეტს ასახელებს. ისინი აშშ-ს რუსეთზე ძლიერ სამხედრო ძალად მიიჩნევენ. ტელევიზიის შემთხვევაში ჩვენ მიერ აღნიშნული მონაცემების ცდომილების ზღვარი 3-4%-ია, ხოლო ინტერნეტის შემთხვევაში- დაახლოებით 7%. მეტი თვალსაჩიენობისთვის ნახეთ გრაფიკი NDI/CRRC-ის კვლევიდან. გრაფიკის უკეთ გასაცნობად კურსორი (მაუსი) გრაფიკთან ახლოს მიიტანეთ. სტატისტიკურად მხოლოდ ტელევიზიისა და ინტერნეტის მომხმარებლების მონაცემებია ზუსტი. გრაფიკებში მოცემულ სხვა ცვლადებს: ოჯახის წევრები, თანამშრომლები და სხვა, ყურადღებას ნუ მიაქცვთ.

იმ ადამიანების 85%-ისთვის, ვისთვისაც ინტერნეტი ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გადაწყვეტილება მისაღებია. საქართველოს EU-ში გაწევრებას მხარს ის ადამიანებიც უჭერენ, ვინც ინფორმაციას ტელევიზიით იღებენ, თუმცა მხარდამჭერების პროცენტული რაოდენობა განსხვავდება:

დაახლოებით იგივე სურათია ნატოსთან მიმართებაშიც:

კითხვაზე, ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი, იმ ადამიანების 31%, ვინც ინფორმაციის მისაღებად მთავარ წყაროდ ტელევიზიას იყენებს, ევრაზიულ კავშირის ასახელებს. ინტერნეტის შემთხვევაში ეს მონაცემი თითქმის ორჯერ ნაკლები, 16%-ია.

პოლიტიკა

თუ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლების შეხედულებებს პოლიტიკური რეიტინგების ჭრილში შევადარებთ, მცირე განსხვავებებს აქაც დავინახავთ, თუმცა ეს ყველაფერი ცდომილების ზღვარის ფარგლებში ჯდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული კროსტაბულაციის ცდომილების ზღვარი ინტერნეტთან მიმართებაში დაახლოებით 7%-ია, ხოლო ტელევიზიის – 3-4%.

[blue_box]გურამ კაშია[/blue_box]

განსხვავებულია შეხედულებები ვიტესის კაპიტან გურამ კაშიას ქმედებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც შარშან თანასწორობას დაუჭირა მხარი. იმ ადამიანების 51%, ვინც ინფორმაციის მისაღებად პირველწყაროდ ტელევიზიას იყენებს და ვინც ინფორმირებული იყო კაშიას საკითხზე, მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის საქციელი მიუღებელია, ინტერნეტის შემთხვევაში ასე მხოლოდ 35% ანუ უმცირესობა ფიქრობს.

[gray_box]დამატებითი ინფორმაცია[/gray_box]

იმ ადამიანების უმეტესობა, ვისთვისაც ინტერნეტი ინფორმაციის პირველი წყაროა, ქალაქად ცხოვრობს.

სქესის თვალსაზრისით მონაცემები იდენტურია:

რაც შეეხება ასაკს, იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ინფორმაციის ძირითად წყაროდ ინტერნეტს ასახელებს, 18-დან 35-მდე მერყეობს.

უმაღლესი განათლება 41%-ს აქვს:

CRRC-ის მიერ შემოთავაზებული ინტერნეტ-პლატფორმის მეშვეობით, თავადაც შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა მონაცემის შედარება. კვლევა, საიდანაც ეს კროსტაბულაციაა მოცემული, 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი