მთავრობა 6 ქვეყანაში კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსს იწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შერჩეულია 6 საპილოტე ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სადაც კომერციული ატაშეები დაინიშნებიან. 

„ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია. ამ ქვეყნებში დისლოცირებულ ატაშეებს ასევე ექნებათ ფუნქცია, გეოგრაფიულად ახლოს მდებარე ქვეყნების არეალიც მოიცვან, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულ ბაზრებზე კომერციული ატაშეების დისლოცირებას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოდან ექსპორტის წახალისებისა და საქართველოში ინვესტიციების შემოტანისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, კომერციული ატაშეები იქნებიან დიპლომატიური რანგის მქონე თანამშრომლები, რომელთა მოვალეობაც საქართველოდან ექსპორტის წახალისება, ექსპორტიორების უფლებების დაცვა, ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა იქნება.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს პროექტი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების კუთხით მთავრობის გეგმის ნაწილია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com