ახალი ამბები

საქართველოს ექსპორტში I ადგილს მანქანების რეექსპორტი იკავებს

19 თებერვალი, 2024 • 2483
საქართველოს ექსპორტში I ადგილს მანქანების რეექსპორტი იკავებს

2024 წლის იანვარშ, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 1.34 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი შემცირდა 26.2%-ით და 338.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი — 10.1%-ით და 1 მილიარდი აშშ დოლარია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარში, 664.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (46.2 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (41.6 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (40.9 მლნ აშშ დოლარი).

საიმპორტო პირველ სამეულში შედის: თურქეთი (203.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (148.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (76.4 მლნ აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70% შეადგინა.

2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ აშშ დოლარით (5.3 პროცენტი).

რეექსპორტის გარეშე, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი.

ამ თემაზე:

იანვარში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი