ახალი ამბებისამართალი

რატომ გაამართლეს სათხილამურო ტრასაზე დაღუპული ბავშვის საქმეზე ბრალდებული

1 მარტი, 2018 • 14496
რატომ გაამართლეს სათხილამურო ტრასაზე დაღუპული ბავშვის საქმეზე ბრალდებული

ნეტგაზეთმა” მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ხსნის, თუ რატომ მიიჩნია უდანაშაულოდ 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილის სიკვდილში. ლიპარტელიანი ტატიშვილს გუდაურში თხილამურებით სრიალისას 2016 წლის 10 იანვარს დაეჯახა, რის შედეგადაც 12 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. დაღუპულის ოჯახი და პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმებიან გამამართლებელ განაჩენს.

ამ დოკუმენტის მიხედვით, შემთხვევისას გიორგი ლიპარტელიანი 20 წლის იყო. ის გუდაურში ორ მეგობართან ერთად თხილამურებით სასრიალოდ იყო ასული. იმავე დღეს სხვა ბავშვებთან ერთად, მწვრთნელის მეთვალყურეობით, სათხილამურო ტრასა “კუდები 3-ზე” სრიალებდა სალომე ტატიშვილი. ტრასაზე თხილამურებით დაშვებული გიორგი ლიპარტელიანი უკნიდან დაეჯახა სალომე ტატიშვილს. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მცირე დაზიანებები მიიღო ლიპარტელიანმა. პროკურატურამ გიორგი ლიპარტელიანს ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით წაუყენა. აღნიშნული დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანი 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით უდანაშაულოდ მიიჩნია. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნია და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაღუპულის ოჯახიც.

სასამართლოს არგუმენტაცია

როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, ბრალდებულმა სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ 2016 წლის 10 იანვარს, დილით, მეგობრებთან ერთად გუდაურისკენ ტაქსით დაიძრა. გზად იყიდეს შოკოლადები და 200-300 გრამი კონიაკი, რომელიც დალიეს. გარდა ამისა, ლიპარტელიანს წინა ღამით სახლში დალეული ჰქონდა 3-4 ჭიქა ღვინო. იმის გამო, რომ გზა მოყინული იყო, თბილისიდან 10 საათზე გასულები გუდაურში 14 საათზე ჩავიდნენ, სრიალი კი 14:30 საათზე დაიწყეს. ლიპარტელიანს გადაწყვეტილი ჰქონდა რვიანებით [ე.წ. ზიგზაგებით] დაშვება, თუმცა დაშვებიდან მალევე ფეხქვეშ იგრძნო ბიძგი (სავარაუდოდ, სასრიალო გზის საფარის უსწორმასწორობის ან კენჭის გამო), დაკარგა წონასწორობა, წაიქცა და გონება დაკარგა. ამბობს, რომ არ ახსოვდა არაფერი, მათ შორის, არც სალომე ტატიშვილთან შეჯახებაც.

პროკურატურა გიორგი ლიპარტელიანს ედავება, რომ ის გადაჭარბებული სიჩქარით სრიალებდა და სიჩქარე არ შეუსაბამა არსებულ პირობებსა და გარემოს. მოსამართლის თქმით, საქართველოში სათხილამურო სპორტში არ არის დადგენილი სიჩქარის ლიმიტი დ,ა შესაბამისად, ამ არგუმენტს არ ითვალისწინებს. მოსამართლისვე განმარტებით, ვარაუდს და არა ფაქტს წარმოადგენს მტკიცება, თითქოს შეჯახების აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ლიპარტელიანი ნაკლები სიჩქარით იმოძრავებდა. მისივე განმარტებით, ამის მტკიცება შეუძლებელია რეგულაციების არარსებობის გამო.

“ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს. ზოგადად, სპორტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რასაც ვერ ვიტყვით ექსტრემალურ სპორტზე, რომელიც მაღალი რისკით გამოირჩევა”, – წერს მოსამართლე.

ბრალდების მხარემ ასევე მიიჩნია, რომ გიორგი ლიპარტელიანმა არასწორად ჩათვალა,  თავისი გამოცდილებით შეძლებდა ესრიალა ისეთი სირთულის ტრასაზე, როგორიც არის “კუდები 3”. მოსამართლემ აღნიშნული არგუმენტიც არ გაიზიარა და ლიპარტელიანის მწვრთნელზე დაყრდნობით თქვა, რომ ბრალდებული სათხილამურო სპორტს 4 წლიდან მისდევს და  შეეძლო, ამ სირთულის ტრასაზე ჯოხების გარეშეც კი ესრიალა.

პროკურატურა ასევე ამტკიცებდა, რომ სათხილამურო ტრასის 11 იანვრის ექსპერტიზით ვერ დადასტურდა ტრასის დაზიანების, ან ტრასაზე რაიმე უცხო საგნის არსებობის ფაქტი, რასაც შეეძლო ბრალდებულის წონასწორობის დაკარგვა და შემდეგ შეჯახება გამოეწვია. მოსამართლემ ესეც არ გაიზიარა და თქვა, რომ შეჯახება მოხდა 10 იანვარს, ტრასის ექსპერტიზა კი ჩატარდა მეორე დღეს. გუდაურში კი კლიმატი და ტრასის მდგომარეობა იცვლება საათობრივად, გარდა ამისა, შეჯახების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ადამიანი მოძრაობდა. შესაბამისად, მეორე დღეს ტრასას, შესაძლოა, ვერ ჰქონოდა იგივე მდგომარეობა.

გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი ლიპარტელიანის დანაშაული ვერ მტკიცდება, რადგან განხილვისას ცალსახად არ დადასტურებულა მისი და სალომე ტატიშვილის სრიალის ტრაექტორია. ასევე, ვერ დგინდება, რამ გამოიწვია შეჯახება, ბრალდებულის გადაჭარბებულად სწრაფმა სრიალმა, გარემო ფაქტორებმა, თუ რაიმე სხვა მიზეზმა. მოსამართლე იზიარებს მოსაზრებას, რომ უკან მყოფმა მოსრიალემ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა არ დაეჯახოს წინა მოსრიალეს, თუმცა წინა მოსრიალის მოძრაობის ტრაექტორიაც ისეთი უნდა იყოს, რომ უკანას შეეძლოს მისი მომდევნო მანევრის გათვლა.

მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის ის არგუმენტი, რომ ლიპარტელიანი სრიალებდა პირდაპირი დაშვებით, მოხვევების გარეშე, რადგან ამ ტრასაზე მსგავსი სრიალი აკრძალული არ არის. სასამართლოსთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა არგუმენტი, რომ ლიპარტელიანს უნდა გამოეჩინა სიფრთხილე, რადგან იმავე ტრასაზე 10-12 წლის ბავშვებიც სრიალებდნენ. მოსამართლის თქმით, თუ სპორტსკოლის ბავშვებს, რომელთა შორის იყო გარდაცვლილი სალომე ტატიშვილი, ჰქონდათ ასეთი სირთულის ტრასაზე სრიალისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და სწორედ ამიტომ სრიალებდნენ “კუდები 3-ზე”, მათი ასაკი ვერ განაპირობებდა ლიპარტელიანისთვის უფრო ფრთხილად სრიალის ვალდებულებას. თუ ბავშვებს სჭირდებოდათ განსაკუთრებული მოპყრობა სხვა მოთხილამურეებისგან, მაშინ ისინი არა “კუდები 3-ზე”, არამედ მათთვის შესაფერის სპეიციალურ სათხილამურო ტრასაზე უნდა ყოფილიყვნენ.

მოსამართლემ ასევე არ გაიზიარა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ გიორგი ლიპარტელიანი იყო ნაბახუსევზე და მიღებული ჰქონდა ალკოჰოლი. ექსპერტიზამ რამდენიმე საათის შემდეგ დაადასტურა, რომ ლიპარტელიანის სისხლში ალკოჰოლი არ იყო. გარდა ამისა, მოსამართლის განმარტებით, წინა დღეს დალეული 3-4 ჭიქა ღვინო და შემთხვევის დღეს, დილის ათ საათზე დალეული 100 გრამი კონიაკი არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ლიპარტელიანი თრობის გამო ვერ აკონტროლებდა უსაფრთხოდ სრიალს. მოსამართლის თქმით, ალკოჰოლის დალევიდან შეჯახებამდე 4 საათზე მეტი იყო გასული, რაც არ გამორიცხავს ეჭვს, რომ ის არ ყოფილიყო მთვრალი და შეეძლო 100 პროცენტით ეკონტროლებინა საკუთარი ქცევა.

მოსამართლე დაეყრდნო კონსტიტუციას და თქვა, რომ ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლისვე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ გიორგი ლიპარტელიანის გაუფრთხილებლად სრიალს ემსხვერპლა 12 წლის სალომე ტატიშვილი. სწორედ ამიტომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

პროკურატურის არგუმენტები

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც პასუხობს იმ არგუმენტებს, რის გამოც გიორგი ლიპარტელიანი გაამართლეს.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს, მაგრამ უსაფრთხოდ სრიალის წესები დადგენილია ”ადამიანის ცხოვრებისეული და სასრიალო გამოცდილებით”. ამ წესების მიხედვით კი მოთხილამურე ვალდებულია, სრიალისას საფრთხე არ შეუქმნას სხვას, განსაკუთრებით- წინ მყოფს, სრიალის მანერა და სიჩქარე შეუსაბამოს საკუთარ გამოცდილებასა და გარემო-პირობებს.

“აღნიშნული წესებიდან გადახვევა და მისი დარღვევა წარმოადგენს წინდახედულების ნორმით აკრძალული ქმედების ჩადენას”, – აცხადებს პროკურატურა.

უწყება აღნიშნავს, რომ რადგან ლიპარტელიანი 4 წლიდან იდგა თხილამურებზე, მას ეს წესები უნდა სცოდნოდა, გარდა ამისა, გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა ამ წესების დარღვევით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. პროკურატურა არ იზიარებს მოსამართლის პოზიციას, თითქოს სათხილამურო სპორტი ექსტრემალურია და ამის გამო არსებობს დაზიანების მაღალი რისკი. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს ექსტრემალური სპორტით დაკავებულ პირს, არ იფიქროს უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, უწყების თქმით, თხილამურით სრიალი ისეთ ტრასაზე, სადაც სხვადასხვა შესაძლებლობის არაერთი ადამიანი სრიალებს, არ შეიძლება ექსტრემალურად ჩაითვალოს. მოთხილამურემ კი არ უნდა გამოიყენოს სახიფათო, ექსტრემალური მანევრირება, რათა გაუფრთხილდეს სხვას.

პროკურატურა არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, თითქოს შეუძლებელია გიორგი ლიპარტელიანისა და სალომე ტატიშვილის სრიალის ტრაექტორიის ზუსტად დადგენა. ბრალდება ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მტკიცებას, რომ ლიპარტელიანმა წონასწორობა სასრიალო ბილიკზე არსებული წინაღობის გამო დაკარგა. პროკურატურა მიუთითებს გიორგი ლიპარტელიანისა და მისი მეგობრის სწრაფ, პირდაპირ დაშვებაზე, რასაც მოჰყვა შეჯახება და, შესაბამისად, ტატიშვილის სიკვდილი. უწყება მიიჩნევს, რომ ლიპარტელიანმა წონასწორობა ზედმეტი სიჩქარის გამო დაკარგა და არა იმის გამო, რომ ფეხქვეშ ბიძგი იგრძნო.

ბრალდების მხარის მოსაზრებით, გიორგი ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე დაშვებისას და შეჯახებისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. უწყების განმარტებით, ის, რომ ექსპერტიზისას არ დადგინდა სისხლში ალკოჰოლის კვალი, არ ნიშნავს, რომ ლიპარტელიანი შეჯახებისას მთვრალი არ იყო. ბრალდება მიუთითებს, რომ გიორგი ლიპარტელიანს სისხლის ანალიზი შეჯახებიდან 8 საათში აუღეს. ამ პერიოდში მას სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მათ შორის იყო გადასხმაც. სასამართლოზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ აღნიშნულის ფონზე, სისხლში ალკოჰოლის კვალი 3-5 საათში წაიშლებოდა. პროკურატურის მტკიცებით, სიმთვრალე დგინდება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით. კერძოდ, გიორგი ლიპარტელიანმა 9 იანვარს, საღამოს, 3-4 ჭიქა ღვინო, 10 იანვრის დილას კი მეგობრებთან ერთად 100-100 გრამი კონიაკი დალია. ეს ფაქტი თავად მოწმეებმაც დაადასტურეს.

პროკურატურის განმარტებით, სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რაც 12 წლის სალომე ტატიშვილს გიორგი ლიპარტელიანმა წაართვა “წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფით”.

მბრალდებელი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებებს ემყარება, რის გამოც უკანონოა. ამასთანავე, ბრალდებული არ განიცდის სინანულს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოსგან მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან ითხოვდა ლიპარტელიანის უმკაცრესად დასჯას გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედა, ნინო ჟვანია.

“ის ჩვეული გამონათქვამი, რომ ვიღაცის დასჯით მაინც არაფერი არ ეშველება გარდაცვლილს, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რადგან  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ჩემი გარდაცვლილი შვილის და ჩემი გამწარებული ოჯახის ინტერესები. დღეს შეიძლება ჩვენ ადგილზე სხვა ყოფილიყო, მაგრამ იმისათვის, რომ ხვალ სხვა არ აღმოჩნდეს ჩვენს დღეში, ძალზედ მნიშვნელოვანია აღსრულდეს სამართლიანობა”, – თქვა სასამართლოზე ნინო ჟვანიამ. მისივე თქმით, გიორგი ლიპარტელიანმა სასამართლო სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით იცრუა, რათა თავი აერიდებინა სასჯელისთვის.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ ჩანიშნული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი