თამაზ თამაზაშვილი სანაიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და გამოძიებას ითხოვს

ადვოკატ ლალი გელაშვილის ცნობით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თამაზ თამაზაშვილმა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე გამოძიების დაწყბის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ადვოკატი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში თამაზ თამაზაშვილის სახელის ხსენება ბინძური ცილისწამებაა და ირაკლი ღარიბაშვილის სახელისა და ღირსების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. თამაზ თამაზაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”  2001 წელს მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით 18 თებერვალს პატიმრის მონათხრობი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მკვლელობა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაგეგმა.

“რუსთავი 2” აცხადებს, რომ ციხიდან დაუკავშირდა პატიმარი კონსტანტინე ციხისთავი, რომელმაც უთხრა, რომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა საქართველოს მთავრობაში დაიგეგმა და დანაშაული სანაიას მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ  გრიგოლ ხურცილავას არ ჩაუდენია. ციხისთავის მტკიცებით, გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა, დამკვეთებს შორის კი თამაზაშვილს ასახელებს.

“რუსთავი 2-ის” გავრცელებული ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ახალ დეტალების საფუძველზე გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა დაიწყოს.


ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას  სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით 2003 წელს მიუსაჯა.

civil.ge-ს ცნობით, სასამართლომ მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დაადგინა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. მხედველობაში არ იქნა მიღებული ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებულება სულიერი აღელვების ნიადაგზე მკვლელობის აფექტის მდგომარეობაში ჩადენის თაობაზე, რასაც ბრალდებულის მხარე გარდაცვლილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მცდელობით ხსნიდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მკვლელობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი, რასაც მკვლელობის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში დეპუტატი ელენე თევდორაძე ამტკიცებდა, თითქოსდა მის მიერ სანაისათვის გადაცემულ ვიდეოკასეტასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ მაღალჩინოსანთა ნარკომაფიასთან კავშირის დამამტკიცებელი მაკომპრომენტირებელი კადრები იყო ასახული.

ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს. თამაზ თამაზაშვილი აღნიშნულ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო, ის ამ პოზიციაზე   1996-2001 წლებში მუშაობდა.  თამაზაშვილს 2001-2002 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com