ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამ ინფორმაციას უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს. თამაზაშვილმა სანაიას მკვლელობის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით 2003 წელს მიუსაჯა.
civil.ge-ს ცნობით, სასამართლომ მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დაადგინა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. მხედველობაში არ იქნა მიღებული ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებულება სულიერი აღელვების ნიადაგზე მკვლელობის აფექტის მდგომარეობაში ჩადენის თაობაზე, რასაც ბრალდებულის მხარე გარდაცვლილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მცდელობით ხსნიდა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მკვლელობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი, რასაც მკვლელობის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში დეპუტატი ელენე თევდორაძე ამტკიცებდა, თითქოსდა მის მიერ სანაისათვის გადაცემულ ვიდეოკასეტასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ მაღალჩინოსანთა ნარკომაფიასთან კავშირის დამამტკიცებელი მაკომპრომენტირებელი კადრები იყო ასახული.
ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს. თამაზ თამაზაშვილი აღნიშნულ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო, ის ამ პოზიციაზე 1996-2001 წლებში მუშაობდა. თამაზაშვილს 2001-2002 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.