“სპარტაკის” რუსი ფანების მიერ წამოწყებული არეულობისას ესპანეთში პოლიციელი დაიღუპა

რამდენიმე დაშავებული, 9 დაკავებული და ერთი დაღუპული პოლიციელი – ასე დასრულდა რუსული საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის” რადიკალი ფანების მიერ წამოწყებული ჩხუბი ეპანეთის ქალაქ ბილბაოში. ესპანური უმსხვილესი მედიასაშუალება “El Pais”-ის ინფორმაციით, “სპარტაკის” თითქმის გასამხედროებულმა მხარდამჭერებმა, ულტრასებმა, ესპანურ კლუბ “ატლეტიკის” ფანებსა და პოლიციელებს ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასობრივი არეულობისას 51 წლის პოლიციელი ცუდად გახდა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, პირველადმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პოლიციელს რაიმე გარეგნული ძალადობის კვალი არ ეტყობა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა აღნიშნულის დადასტურება აუტოფსიის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დაპირისპირების დროს კი 9 ადამიანი დააკავეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რადიკალურად განწყობილი რუსი ფანები საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით სისხლიან დაპირისპირებას აწყობენ. 2016 წელს საფრანგეთის ქალაქ მარსელში მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ თავდასხმას ფეხბურთის ინგლისელ ფანებზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მიმდინარე მატჩთან დაკავშირებით, არაერთი ბრიტანელის ჯანმრთელობა შეეწირა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, მაშინ ადამიანებმა მიიღეს თავის ტვინის მძიმე დაზიანება, რომლის ეფექტი მათ ჯანმრთელობაზე სამუდამოდ დარჩება.  რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, იგორ ლებედევმ  კი საფეხბურთო გუნდების მხარდამჭერებს შორის ჩხუბის ორგანიზების დაკანონებაც კი მოითხოვა.

უეფას ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩზე ბილბაოს “ატლეტიკი” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “სპარტაკთან” დამარცხდა, ანგარიშით – 1:2, თუმცა პირველი მატჩი ესპანელებმა რუსეთში 3:1 მოიგეს. შესაბამისად, ტურნირის მერვედფინალში “ატლეტიკი” გავიდა, ხოლო “სპარტაკი” ევროპა ლიგას დაემშივიდობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.