ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 2 დღით გადაიდო

18 სექტემბერი, 2013 • • 1204
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 2 დღით გადაიდო

პარლამეტნის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე ამბობს, რომ განხილვის გადადება კანონპროექტის ინიციატორების სურვილით მოხდა:

 

“რაიმე განსაკუთრებული დღეს არ მომხდარა. პარასკევს შეგვიძლია ჩვენ კენჭი ვუყაროთ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. ვფიქრობ, რომ  კონსესუსი ნამდვილად მიღწეულია, ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე გამოიკვეთა, შესაბამისად, ის ცვლილებები, რომლებიც ეხება პარლამეტნის უფლებამოსილების გაფართოვებას პრემიერ-მინისტრის და მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილებების ხარჯზე, რაც უფრო მეტი დემოკრატიის და მეტი დაბალანსების შესაძლებლობას იძლევა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.  ეს იქნება კენჭისყრაზე დაყენებული, ამ ცვლილების გატანას რაიმე პრობლემა არ ემუქრება.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების ერთ ნაწილში ითანამშრომლებენ უმრავლესობასთან, ხოლო რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის კვორუმის გაზრდის საკითხს, დეპუტატი განმარტავს, რომ აქ უმცირესობის მხარდაჭერა არ ექნებათ:

 

“ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ  კონსტიტუციური ცვლილებების იმ ნაწილში, რომელიც უფლებამოსილებების გადანაწილებას ეხება, ვითანამშრომლებთ უმრავლესობასთან. რაც შეეხება 3/4-ის ცვლილებას, აქ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ, სრულიად გამორიცხულია. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე კარგი ნორმა, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კონსესუსის შედეგად შეიცვალოს კონსტიტუცია, ამის უკან დაბრუნებაზეა საუბარი და საუბარია ხელის გადაგრეხვის და ძალადობის მეთოდებით კონსტიტუციის ცვლილებაზე, რაზეც ჩვენ, ცხადია, არ დავთანხმდებით.”

 

 ცვლილებების მიხედვით, თუ მთავრობა 1/3-ით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით შეიცვალა, პარლამენტის წინაშე უნდა დადგეს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი. თუ ეს ცვლილებება არ განხორციელდა, მაშინ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, ეს უფლება პარლამენტს აღარ ექნება.

 

გარდა ამისა,  საუბარია  პრემიერ-მინისტრისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევაზე,  რომელიც მას საშუალებას აძლევს  პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას, მთავრობისთვის ნდობის საკითხს “მიუერთოს”.  

ცვლილებები ეხება ახალი ბიუჯეტის ვერდამტკიცების გამო პარლამენტის დათხოვნის საკითხსაც. კერძოდ, უმრავლესობა კონსტიტუციის იმ ნაწილის შეცვლას გეგმავს, რომელიც პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტის ვერდამტკიცება მათთვის უნდობლობის გამოცხადებას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი