რებეკა ჰარმსი

ჰარმსი: ვფიქრობ, საქართველო უნდა ელოდოს EU-ს მხარდაჭერას, თუ ის ჩაბუქს დაიცავს

ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი ფიქრობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მიცემის შემთხვევაში საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. “ნეტგაზეთთან” საუბრისას მან ჩაბუქის საქმეში თურქეთ-საქართველოს ურთერთობის კონტექსტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად რიგი ფაქტორებისა, ქართულმა მხარემ ადამიანის უფლებების პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს.

“ვიცი, რომ საქართველოსა დათურქეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები არსებობს და ეს ნორმალურიცაა რეგიონისთვის. თუ ისინი ადამიანის უფლებების პრინციპებით იხელმძღვანელებენ, შეუძლებელია ეკონომიკური ინტერესების გამო დააბრუნონ ბატონი ჩაბუქი თურქეთში, რადგან ამით მას პირდაპირ ციხეში გაგზავნიან, სადაც უსაფრთხოების არანაირი იმედი არ არის.

ჩვენ ვიცით, როგორ ეპყრობა თურქეთის ხელისუფლება გიულენისტებად წოდებულ ადამიანებს. აღნიშნულზე ევროპის ქვეყნები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. მაგალითად, ჩემი ქვეყანა გერმანია ასე შემთხვევაში ადამიანებს თავშესაფარს აძლევს. ასევე იქცევიან საფრანგეთი და ბელგია. ვიცი, რომ ისინი მეტად ძლიერი სახელმწიფოები არიან, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხარდაჭერას, თუ ის ბატონ ჩაბუქს დაიცავს”, – უთხრა ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტია/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრმა”ნეტგაზეთს”.

რებეკა ჰარმსის განცხადებით, იმ საქმიანობის ფონზე, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საქართველოს განათლების სფეროში გასწია, მისი ციხეში ყოფნა სამარცხვინოა. ევროპარლამენტარი დაკავებულის საქმეში მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების მტკიცებულებებს ვერ ხედავს:

“თურქეთს სურს მისი ექსტრადირება, რადგან ის იყო მასწავლებელი დემირელის სკოლაში. სკოლა და თავად ბატონი ჩაბუქი ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ მიიღო. კოლეჯი და უშუალოდ ჩაბუქი მეტად მნიშვნელოვანი იყო მრავალი მოსწავლის განათლებისათვის. ვფიქრობ, ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან არაერთი ქართული ოჯახისთვის გააკეთა, მისი ციხეში ყოფნა სირცხვილია”.

კომენტარი ჰარმსმა “ღია საზოგადოება-საქართველოს”ოფისში გააკეთა, სადაც “ღია საზოგადოებისა” და  “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას “ევროპა და ახალი მსოფლიო ‘უწესრიგობა’: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ” დაესწრო.

ღონისძიებაზე  რებეკა ჰარმსმა, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ და კომიტეტის წევრმა სერგი კაპანაძემ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისადმი ევროკავშირის პოლიტიკაზე იმსჯელეს.

რებეკა ჰარმსი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ ჩაბუქს ხვალ, 15 თებერვალს მოინახულებს. ევროპარლამენტის წევრი დაკავებულს გასული წლის ივლისშიც შეხვდა.


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხის კომენტირებისას, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან