ახალი ამბები

სემინარიის კურსდამთავრებულები არ გამორიცხავენ, ზვიადაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

14 თებერვალი, 2018 • 2032
სემინარიის კურსდამთავრებულები არ გამორიცხავენ, ზვიადაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

სასულიერო სემინარიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისა და სინოდისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ რექტორის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ სემინარიის კურსდამთავრებულმა ლადო ნარსიამ “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანში” საუბრისას აღნიშნა.

ნარსიას სასამართლოში წარსადგენ კონკრეტულ მტკიცებულებებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულებთან კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმება მარტივი იქნება, თუ ამით სინოდი დაინტერესდება.

“აქ საუბარია კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს უკვე სასულიერო პირები არიან ის ადამიანები, რომლებზეც იძალადეს როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. ძალიან მარტივი პროცედურაა: სინოდის წევრები, ეპისკოპოსები, გაესაუბრებიან ამ ადამიანებს, დაუსვამენ კითხვებს, შეესაბამება თუ არა ეს ფაქტები სინამდვილეს და დარწმუნებული ვარ, ინფორმაციის მიღების ეს ფორმა სრულიად საკმარისი იქნება, სინოდი დარწმუნდეს ამ ყველაფერში”, – აღნიშნა მან.

სემინარიის კურსდამთავრებულთა ნაწილმა გადაცემა “არჩევანში” კიდევ ერთხელ ისაუბრეს სემინარიასა და აკადემიაში არსებული პრობლემების, ასევე რექტორ გიორგი ზვიადაძის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ.

მანამდე, გადაცემა “რეაქციაში” სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორმა ყველა ბრალდება უარყო. მან დაწესებულებაში მომუშავე პროფესორების სახელები ამოიკითხა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ იმუშავებდნენ ისინი ამ დრომდე  სემინარიაში, თუ ძალადობას მართლაც ექნებოდა ადგილი.

წამყვანის კითხვას, რას შეიძლება ემსახურებოდეს სემინარიის კრიტიკა, თუ ეს ყოველივე სიცრუეა, ზვიადაძემ ასე უპასუხა:

“მე არ ვიცი, ვინ დგას ამის უკან. მე არ შემიძლია, ვინმეს ცილი დავწამო. მერამდენედ ხდება ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა? ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.  ეს არის ანტიეკლესიური ძალები, ეს არის დიდი შეტევა ეკლესიასა და სასულიერო სემინარიაზე. დაპირისპირებაა ეკლესიასთან, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია საქართველოს პატრიარქის წინამძღოლობით”.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულებმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქსა და სინოდს ღია წერილით 5 თებერვალს მიმართეს. ყოფილი სტუდენტები დაწესებულებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ადგილზე “უმძიმესი მდგომარეობაა”. სწავლის ხარისხისა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული პრობლემების გარდა, წერილის ავტორები არაერთ ბრალდებას უყენებენ რექტორ გიორგი ზვიადაძესაც. მათ შორისაა სტუდენტებისა და ლექტორების მორალური თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, თანხების არამიზნობრივად ხარჯვა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი